ბედშავი
აღარავის მოსვლია აზრად მათი სახელების უკვდავყოფა, რადგან განსაცდელის ჟამს, დაზაფრულ დღეებში გმირებსაც ეჩვევა ხალხი, გმირობა იშვიათი და უჩვეულო მოვლენა აღარ არის, არსებობენ ისინი როგორც აუცილებლობა, როგორც პური. რილკე 80 იან წლებში კიდევ ერთი თაობა იყო სრულასაკოვანი, მონაშენი ქვეყნის სალიტერატურო ცხოვრებაში ღირსსაცნობ როლით. წერა-კითხვის მოყვარულთ ზიარი ჰქონდათ თანაგვარი ბედიც. არავინ იყო მათზე ბეჩავი, გულისამაჩვილებელი, მისანდობელი, პირდაპირი. ქართულ მწერლობის ტაძარში თუ კელაპტრებად ვერა, ზორბა სანთლებად ხომ ენთნენ. წავიდნენ წუთისოფლიდან და ყველამ მიივიწყა, ვხედავ მათი კვალიც იშლება. ქოჩორბიჭობის დროს იმ ხალხის ნააზრევს უზადოდ ვრაცხდი ხოლო პატიოსნებას შეურყევლად. თითოეული მათგანის სულდგმის ბოლო თხუთმეტწლეულს თვალი ვადევნე. ხსოვნა და მოგონებები უმცროს მეგობარს, მცოდნეს - რას ფიქრობდნენ, როგორ სწამდათ, რის მიხედვით ეცვლებოდათ შეხედულებანი, ბოლოს და ბოლოს მათი ინტელექტუალური ვაჟკაცობა ამ თაყვანისცემას მავალდებულებს. ჩემ ამფსონების ავტობიოგრაფიაში მრავალი მშვენიერი ეპიზოდია. საუცხოო მონოლოგებმა, დაუვიწყარმა ფრაზებმა, განუმეორებელმა უიშვიათესმა ამბებმა დე მომავალ ანთოლოგიებში იცოცხლონ. 80 იან წლებში, ფერისცვალების გულდასაწყვეტ და გასატირებელ დროში მწერლების კიდევ ერთმა თაობამ მიაღწია სრულასაკოვნებას. ყოველმა საკუთარი გზა იპოვნა სანავარდოში, განკერძოებით ილოცა, მაგრამ ამას უნდა დაემატოს რომ ერთი მათგანი, ყველაზე გახმაურებული მრევლს წანწალითაც ამახსოვრდება. მისი ყოველდღიურობა არაჩვეულებრივ მოვლენებითა და თავგადასავლებით მდიდარი საზეპირო სამახსოვროდ ივარგისებს მათთვის ვისაც მწერლობაში ყოფნა მოუხდება. ვიწყებ წერას იმ ერთზე, გულჩათხრობილზე, მგრძნობიარესა და სათუთზე. აი ჩდება იგი ჩემი სენაკის უშფოთველ სივრცეში და განუსაზღვრელ სიხარულს მანიჭებს. მშობლიური კაცი ვისთანაც სათუთი გრძნობები შევძერწეთ. ელდარ კერძევაძე დაიბადა თიანეთში 1942 წლის 7 იანვარს. წლის ნაჭდევი - ბედაური; თვისა - თხის რქა; ნატვიფართა შეთავსებით - პასუხისმგებლობით სავსე ოჩანი, განუმეორებელი და ერთადერთი, პრობლემები ექნება. ანტროპოსოფიული სამშვინველი ასეთია: ოდეს სულის სიღრმეებში ვარ, სიყვარულის სფეროებიდან თავკერძობათა სიცარიელე აღივსება სამშვინველის წიაღში სამყაროს სიტყვის ცეცხლოვან ძალით. მოყვარულ ნათესავებით გარემოცული არასოდეს ყოფილა, ახოვნებით არ გამორჩეულა. ფერმკრთალი და ანემიური? პირიქით, ძლიერი, ჯანმრთელი, მოძრავი და მოუსვენარი გახლდათ თუმცა 49 წელი იცოცხლა. 1955 წლიდან თბილისელია. სოფელი საყარაულო სიონის წყალსაცავმა დაფარა. ფესვებთან დამაკავშირებელი ჭიპლარი გადაიჭრა. დაამთავრა რკინიგზის №3 საშუალო სკოლა. მათემატიკოსის შვილმა სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა_მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. პოეზიისთვის გაჩენილი ერთხელ თურმე ინსტიტუტში ფრაკით მივიდა. პუშკინი! კუშკინი გაცოცხლდაო_ხელში აუყვანიათ თანაკურსელებს. კერძევაძის მომავალი მწერლობა იყო და საბუთები უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადაიტანა. 1974 წელს მწერალთა კავშირში გაწევრიანდა. რეკომენდაციები მისცეს:გ.გეგეჩკორმა; ო.ჭილაძემ; ტ.ჭანტურიამ; გ.ძნელაძემ; ი. აზდვაცტუროვმა (ქარელიშვილმა). პარტიულობა –არა. სამეცნიერო ხარისხი _ არა. პრემია _ არა. უცხოეთში ნამყოფობა _ არა. 9 კრებული გამოსცა. არასოდეს უფიქრია მისი წიგნი პოლიგრაფიულად იშვიათი ყოფილიყო, ან სურათიანი დაებეჭდოს. ამისთვის თავს არ იწუხებდა. ალბათ არავის ჰქონია ისეთი ბრიყვული `კარმა~ ელდარის რომ აწვალებდა. მას თითქოს ენება უხეში კაცის რეპუტაცია მოეგო. ბევრი ვერაა იმგვარი, რომლის შესახებ იმდენი განსხვავებული და საწინააღმდეგო აზრი გამოთქმულიყო, რამდენიც მასზეა ნალაპარაკები. გალანტურობა უფლისგან არ მიენიჭა, ცერცეტობა ეოხრა თუმცა მის არისტოკრატობას ბევრი სტრიქონი გვიდასტურებს. ელდარის პოეზია ტანმაღალ ინტელექტის შედეგია: „ძმაო სიმართლევ, ასე სანამ უნდა იარო,- ამდენი ხალხი სანამ უნდა აღიზიანო... ხედავ, სიცრუე როგორ ლაღობს, როგორ ბრჭყვიალებს, შენზე ლამაზი, შენზე კოხტა შენზე ჭკვიანი“... მოიწიეთ სასარგებლო ნაყოფი:„უსიყვარულოდ შეუღლებულებს ხშირად უჩდებათ უნიჭო შვილი“.
გულისცემას გიხშირებს ბწკარედები:
„მარტი არის, მაგრამ რა მემარტება, სისხლს მწოვს ისევ მარტოობის ობობა, ვბერდები და სიბრძნე არ მემატება სიჭაბუკეც აღარ მემშვიდობება“. ეს მოაზროვნე, მისტიკურ ფიქრზე შეყვარებული კაცი ჭკვიანიც იყო და გამბასრავიც საკმაოდ მახვილ, სატირულ ნიჭიერებით. ვიცნობდი დაღვრემილ, დაფიქრებულ ადამიანს, უბრალოს, თითქიოს ჩიტირეკიასაც, სულის სიღრმეში კი საოცრად ჭირვეულს. პატიოსნად ცხოვრობდა, ერთი შეხედვით თხემით ტერფამდე მოქალაქე, ნებადაურთველ ადგილზე ქუჩას რომ არ გადაივლიდა. მსოფლშეგრძნებით პესიმისტი. აღტაცებული არ მინახავს. მომავალზე გულგატეხილს წარსულზე ფიქრი უფრო უყვარდა. მკითხველი კი არც წარსულისკენ წაუყვანია და არც მომავლისკენ. მისი შემოქმედების თემა მხოლოდ თანამედროვეობაა. ახალგაზრდობა კი არა - ახვარგაზრდობა. ამხანაგები? - ნურას უკაცრავად - ამხანაგლები! დაძრწოდა ღამის თბილისში და მეც ქუჩებს მატკეპნინებდა ახირებით-ვინმე გაგვეღვიძებინა. უგზო უკვლო სიარული თანდათან მიზანდასახულ ძიებას ემსგავსებოდა თუმცა არავითარი გეზი არ გაგვაჩნდა მაშინ როცა კაცი სიამოვნებით დასახავდა თუნდაც მიუღწეველ ოცნებას. არ მახსენდება ღამის თევათა შეწყვეტა წუთით მაინც მენატროს, მე ხომ თავს ტკბილ მოგონებებს ვუმზადებდი. მისი ბოჰემანარევი ბიოგრაფია, მისი ყოფიერება ამგვარ ამბებით შეზავებული: კეკელიძის ქუჩაზე ერთ ცნობიკლ სახლის წინ გიგლა სარიშვილს მანქანა შეაჩერებინა. მარჯვენა მხარზე ტელევიზიის წითელი ფერის წიგნაკი ჩამოიკაკუნა-ჩინოსანი ვარ-ო. ვასილ პავლეს ძე-ს დაცვის უფროსი ავტომობილს მიუახლოვდა. მაიორი (ესა და ეს) თავი გააცნო. -როგორაა ტახი? -ვინ ტახი? ვის გულისხმობთ მატონო?! -მიმიხედეთ ტახს! ყმაწვილი მწერლები კონსტანტინე გამსახურდიას ეწვივნენ. გიგლა სარიშვილი ძველი ბერძნული ტრადიციით ფეხზე ემთხვია, ელდარი დიდოსტატის მკლავზე. ცოტა ხანში კერძევაძე თამარის მეტს ვეღარავის ამჩნევდა, ყველა დაივიწყა, ათას რამეს უამბობდა, კითხვას კითხვაზე უსვამდა, მისი კუდაწარა იყო. მამა შვილს გამოქომაგებია და სტუმრისთვის შეუნიშნავს: ყმაწვილო! ნუ ეარშიყები შენ თამარს! წლების მერე, როცა მამა-შვილის საფლავები ერთმანეთს დაუმეზობლდება, ეს ჯამბაზი და ექსცენტრიკოსი, პოეზიის საუკვეთესო წარმომადგენლად გვევლინება. სურათოვან ენით, მხატვრულ ტაქტით ნაწერ ღრმად განსაცდელ სტრიქონებს შექმნის, პოეტის ნიჭზე რომ მეტყველებენ.
„...გვესაუბრა... გაგვამხნევა -წერეთ; ჩაფიქრდა და უცებ მოიწყინა... გააბოლა... აგრე ბრძანა მერე -შვილო თამარ, მოიტანე ღვინო... ვბრუნდებოდით ჩრდილით ფენილ გზაზე ღვინითა და სიხარულით მთვრალნი, და კოლხური კოშკის გალავანზე გუშაგივით იდგა თეთრი მთვარე...“
გადასულ შუაღამისას ტაქსით გლდანისკენ მივქროდით. ვინ უნდა გაგვეღვიძებინა, ვინ იყო მორიგი მსხვერპლი-კოტე მელაშვილი?-არ მახსენდება. უკან ვისხედით. მძღოლის გვერდზე უცხო მგზავრი იჯდა-ბაქია, იქნებ თვალთმაქციც. ქლესობდა, ფახიფუხობდა, გული გააწყალა! ელდარიმ მარცხენა ფეხი საზურგის აყოლებით ააცურა და მხარზე ხელივით გადახვია. შემოგვიბრუნდა ტრაბუცა, მუშტი შეკრა მაგრამ კერძევაძემ ბრაუნინგი დაუმიზნა. წახდა გაქნილი, დაიფუშა, მანქანიდან ისე ჩავიდა-ხმა არ გაუღია. დაძრწოდა ღამის თბილისში და მეც ქუჩებს მატკეპნინებდა. ჟინს ვინმეს შეძვრისა და გაღვიძებისა განზრახვაც ახლდა-თავი დაგვეღწია მარტოობისათვის. დე შევძულებოდით!-ათვალწუნების არ გვეშინოდა. უნიღბონი ვიყავით და სახიფათო რა იყო. ნაცნობ-მეგობრებს ვცდიდით. თუკი არ შევჯავრდებოდით - „ღვიღვა“ იქნებოდა. „ღვიღვას“ მტერი გვძულდა და „ღვიღვას“ დოსტებტან ვტოლ-ამხანაგობდით. კერძევაძეს გაცვეთილი ჭეშმარიტებები არაფრად უღირდა. პრობლემათა წამოჭრის უბადლო ოსტატი გახლდათ და ასეთ დროს ტონი რბილი ირონიით ევსებოდა: -რატომ არ უნდა ჰკითხო ქალს რამდენი წლისაა?! - სისულელეა! სამზარეულოში მოფუსფუსე მასპინძელს სიმართლემ გული გაუკენწლა. ხალხი გავაღვიძეთ, მაგიდას მივუსხედით, დიასახლისი ჩაის გვიმზადებს, უფრო სწორედ ვალს იხდის და ერთი სული აქვს როდის გავეცლებით, კარს გავიხურავთ. საწურზე მდურარედასხმულ ჩაის არომატი სხვაა, ჩვენ მისი მომზადების ბევრი წესი ვიცით. ქალბატონს ფერის დაყენება ეზარებოდა, ესეც ფანჯარასთან მივიდა, განათებულ ქალაქს გახედა და ჩატეტკილ ტუჩებით რიტორიკული კითხვა დასვა: დაიღალა სიცოცხლე დედამიწაზე? მეგობრის მეუღლემ შეფერადებული და დამტკბარი სითხე მოგვართვა ხოდა ამანაც ტყვიასებრ, დაუნანებლად, სწორედ ისე, როცა შეგნებული გაქვს რას და რატომ აკეთებ - პირი გაიპარსე! - ო. ელდარის პოეზიისათვის უცხოა ზიზილ-პიპილი. ძლიერი სულის კაცი ჭეშმარიტებას თვალს უსწორებდა და შემაძრწუნებლად უახლოვდებოდა: „როგორი იქნებოდა რას დასწერდა როგორ იცხოვრებდა პუშკინი,- თავად რომ მოეკლა დანტესი?!“
ფერმწერულად ელვარე ხატია:
„როდესაც ბავშვი დაიბადება, ქვეყნად გაცნდება მისი საფლავიც და საფლავისკენ დინჯად და ნელა მიჰყავს სხეული როგორც საკლავი...“
ან კიდევ:
„წარსულს-სარკეს გადაორთქლილს, როს შევახებთ შუბლს მხურვალეს- ორთქლი ქრება, ქრება ორთქლი და ცრემლებად მოწანწკარებს...“
დალოცვილია წუთი, როცა პოეტი გაირინდება, ეძებს შეგრძნებას და საკუთარ ვალს აღასრულებს. ფურცელაძის ქუცა ამოვიარეთ, შეჩერდა, ბესო ჟღენტი რომ ცხოვრობდა იმ სადარბაზოს გახედა... ახსოვს ამ საფეხურებს ნატო ვაჩნაძის ნაფეხურები... შემდგომშიც ბევრჯერ ვყოფილვარ მონათესავე გატრუნვების მოწმე. განწყობა წვდომისა თუ შეთვისებისა ხანდახან შარჟდებოდა. გალაქტიონს „გადახტიონს“ ეძახდა. მარჯანისვილის №4-ში მდებარე სადარბაზოში იმ კიბის შესათვალიერებლად რამდენჯერ შევსულვართ, წლების წინ პოეტის ტერფი რომ ეხებოდა. კიბე მარჯვნივ მკვეთრად უხვევს, საფეხური ვიწროვდება. -აქ უჭირდათ მისი აყვანა! -?! -მძლავრი იყო ტანად და ამიტომ! ეს უკვე აღარაა ზეშთაგონებულ მდგომარეობის ხანი. ელდარი პოეტურ ყიალის რომელიღაც ჯურს გვთავაზობდა, მასთან ერთად დასრულებულ ორიგინალურ სახეობას შემოქმედის არსებობისა, ყოფნას გამორჩევით გვარისა, ვეღარავინ რომ ვერ წარმოიდგენს. სულიერ საზრდოს უხვად იძლეოდა. კერძევაძესთან გატარებული ყველა წუთი ინტელექტუალური ვარჯიში იყო. სულ გონებაფხიზლობდა და ახალ-ახალ უცნაურობებს იგონებდა: -შეგიძლია გარითმო მიქელანჯელო? დისონანსია, გურული სიტყვაა, შენც ხომ გურული ხარ, გამოიცანი! ვერ გამოვიცანი. -მოქანჯალებული! წამოდი, ტარიელ ჭანტურიას ვაჩუქოთ, გეფიცები სუფრას გაგვიშლის! ზოგჯერ მეგობრების მიმართაც დაუნდობელი, თითქმის ულმობელი! ლენინის მოედანზე მეტროსთან გივი ჭიჭინაძე იდგა. მისალმებისთანავე გული ატკინა - საბავშვო სიგარეტი გექნება და მოგვაწევინეო. ეწყინა გივის, ზურგი შეგვაქცია. რამდენიმე დღის მერე, რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ კვლავ შევხვდით ჭიჭინაძეს. ჩვენ მოედნისკენ მივდიოდით გივი-საპირისპიროდ. გაბუტულებმა ერთმანეთს თვალი აარიდეს, მე სადღაც შუაში დავრჩი მაგრამ უეცრად გივი შემობრუნდა: ელდარი!-ო ესეც შეტრიალდა -გივი! ო და გადაეხვივნენ. აგვისტოს მზეში, რუსთველის გამზირზე, მხარი-მხარ მდგომი ორი პოეტის ქანდაკების წინ (ხომ ცნობილია მათ შორისაც იყო ინადი) ელდარ და გივი ერთმანეთს ეფერებოდნენ. თანხმობა იყო საჭირო და ერთურთისათვის პირი არ უნდა მიექციათ. თუმცა გველოდა საშიშროება დაშლისა და გათითოკაცებისა მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა. მწერალი ადამიანების შეხედულებების, კასტურ ცრურწმენების რევიზორია. კიროვის სახელობის ბაღში კერძევაძემ პენსიონერების თავშესაყარი კლუბი აღმოაჩინა, მიაკვლია და შეეჩვია. მერე რაა რომ მათ ოფიციალურ დოგმატს `საწევრო, ყოველთვიურად მანეთი~ არ სწყალობდა. პენსიონერებმა ვერ გაიშინაურეს, დომინოს თამაშს უკრძალავდნენ, - იგი მაინც თამაშობდა. სამაგიეროდ ადამიაურ ვნებათა მეთვალყურე და თავგადასავალების დაუცხრომელი მაძიებელი მათთან ერთად, იმ მოხუცებთან ერთად გარდაცვლილ პენსიონერის პანაშვიდზე წავიდა. იმ დღეებში ძმამ მონაცრისფრო კოსტუმი აჩუქა. ცოტათი გაცრეცილი მაგრამ რა უშავდა. მით შეიმოსა ადამიანი, რომელსაც საკუთარი პოეტური მოწოდებისა სწამდა, მოქალაქეობრივად მართალი იყო. მოვლენის მეთვალყურეს და ანალიტიკოსს, კოსტუმი რომ მოირგო და საშუალოდ გამოიყურებოდა, თავდაჭერილ პოზით მხატვრის მისია უნდა შეესრულებინა, პირადად უნდა განეცადა. ამ თვალსაზრისითY შეიძლება ერთადერთიც ყოფილიყო, ხოდა განიცადა, უცნობის სამძიმარზე უცხო საზოგადოებასთან ერთად წასულმა უდაო დებულება არმოაჩინა, სიბრძნე გამოზიდა, სევდა შეთხზა - ყველა საკუთარ პანაშვიდზე იყო მისულიო!
კერძევაძე სიტყვის არტახში იშვიათ შეგრძნებებს კრავდა:
„როგორც ქარქაშიდან ამოღებული ხმალი,- ნაპირზე იწვა შიშველი ქალი. ფარად ცოლ-შვილი ჩემი ვიფარე, დამარცხებული გამოვიპარე, მზე ჩადიოდა... ზღვა იყო წყნარი...“
ელდარი მტკივნეულ, შეულამაზებელ, შიშველ სიმართლეს რითმავდა:
„ის ვინც მიქებდა სიჩაუქეს, პირში მთქმელობას, კაი ბიჭობას, გულწრფელობას და ქართველობას,- როცა სიმართლე ვუთხარი მასაც, ნაწყენმა მითხრა: სიმართლის თქმასო ნუ გაიხდი ძმაო ხელობად“. ჩემი მეგობარი ალალი კაცის უსაზღვრო მწუხარებას პოეტის საკადრისად გამოხატავდა:
„-პურმარილი დაგვიძველდა მხვდება ძველი ნაცნობი, ვინც ცხოვრება გაიგრძელა ციგნობით და ბაცნობით. გზას მივყვები ჩემთვის წყნარად გზა გულს არ ეახლება. უსაშველო მე მჭირს თვარა,- მაგას რა ენაღვლება.“
ავთო ვარაზის ნახატებით შეფერადებული განწყობა. არ თუ ვერ არიარებული სოციუმი. ხელმოცარულ რეჟისორის ჟანი (ჟაკოია) მიქაძის ბინა პეროვის ქუჩაზე შესაბამისი ანტურაჟით. სარეცელი, რომელსაც სკოლიდან დაბრუნებისთანავე ყოველ ჯერზე ყნოსავდა ჭაბუკა (მასპინძლის ერთადერთი ვაჟიშვილი) და სუნზე იგებდა - მის ლოგინზე ვინ გამოიძინა: თენგიზ არჩვაძემ, გიზო სიხარულიძემ, ელდარ კერძევაძემ, ჯემალ ანჯაფარიძემ თუ ნოდარ შანიძემ. ფსკერის არისტოკრატიაც, სხვადასხვა ნაცნობ-უცნობი. ჯიბეცარიელობის დროს ანთებული ბუხარიც განცხრომა იყო სოცციალურ კონტრასტის ამ სფეროში. ბუხრის სამკაული, ვეება ტილოზე გამოსახული, უკანა ფეხებზე დგომელა ცხვრის ტყავმოსხმული მგელი, ყბაზე ხელწაფარებით ასულელებს ზორბა ვერძს და ზეზეური ყოჩი ცდუნებულია. ის ყველაფერი თითქოს მანამდე სადღაც მენახა, უზარმაზარი ძველი ოთახი, დამტვერილი ავეჯი, საბრძოლო ვაზნების კოლექცია. კიროვის ბართან მთვრალებმა რაღაც დავაშავეთ მაგრამ სუფრასთან ხომ მეგობარი დავტოვეთ. დარეკა ბატონმა მუშნი ზარანდიამ და გამოსაფხიზლებლიდან გაგვათავისუფლეს. რომ დავინახოთ გვჭირდება თვალი, ხილვის ობიექტი და კიდევ სინათლე მაგრამ არმაზის მოსანახულებლად პოეტისთვის შემოდგომაც აუცილებელი ყოფილა. გაზაფხულზე უთხარი - მცხეთას ხომ არ ვესტუმროთ მეთქი და ექსკურსია შემოდგომისთვის გადამივადა-არმაზი შემოდგომაზეო! ოქტომბერიც დადგა. თავად მოაგონდა, შემახსენა და გავეშურეთ. „ჰორაციუსი აკადემიის ჭალათა წიაღსი ეძებდა ჭეშმარიტებასო“ რა ემართებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ამ ადგილებს ქვა ვით მიაგორეს?! წარსულს კაცნი ინტელექტით ვაცოცხლებთ. მცხეთაში წასვლამდე ლიტერატურა გადავიკითხე, ასე ვთქვათ მოვემზადე. ვექსკურსიამძღოლობდი, არამეული წერა-კითხვა მაშინ უკვე ვიცოდი, პრეისტორიულ ამბებზე ვლაპარაკობდი, შეისრულ და ბანურსახურავიან სარკოფაგთა ბინადარნი ვეღარ მიუდგომლობდნენ. ჰორიზონტმა თვალი დაასვენა, ვნახეთ ლამაზი პეიზაჟი, არმაზხევისკენ დაშვებული გორაკები, შემიოდგომის სიგრილე. ცის ქვეშ ვიდექით ორი უმწეო ადამიანი. მუხლს გვიმაგრებდა რწმენა მაგრამ მას სხვა სახელი ერქვა. ეს იყო გულდაჯერება მეგობრების სახელების წარმოთქმისა, ლოცვის ძალას რომ იძენდა და ჩვენთან ერთად ცხოველმყოფლობდა. ვიდექით მაღლობზე არმაზ ციხესთან, უსაზრვრო სივრცეთა დუმილს ვისმენდით, ჩვენც ვდუმდით, ვფიქრობდით, აქეთ-იქეთ ვიცქირებოდით და წარსულს ჩვენ-ჩვენებურად განვიცდიდით სანახების ორი მბრძანებელი კი არა, ორი მხატვარი. იმ დღეს დაიბადა ჩემი გამოუქვეყნებელი პოემა „ელიოზ“, მისმა გულმა კი სულ სხვა სურათი შეინახა და დედაქალაქში ჩემგან განსხვავებული ემოცია ჩამოიტანა. ყური მიუგდეთ:
„ცაზე ტრიალებს მიმინოსავით მცირე ღრუბელი ვუცქერი მშვიდად... ვდგავარ მინდორში ვით მშვილდოსანი, მაგრამ ვაი, რომ არა მაქვს მშვილდი. მსურდა ამოსვლა ნაწნავთა კიბით, მსურდა მენახეთ შენ და უფალი... მაგრამ სხვა დროა- არ მშვილდობს მშვილდი და არც მიმინოს არ ჰგავს ღრუბელი.“
არის ლექსში სიღრმე და ოცნება ვინაიდან ამ სტრიქონების შემქმნელი გონება ღმერთის გვერდით მდედრსაც წარმოსახავს, მეტაფორულად მსოფლიო კაცობრიობის გამჩენ დედას რომ უწოდებდა. პოეტის გონება შეუეჭვებლად, ინტუიციის საშუალებით ადგენს სუბსტანციას. აქ იგი ბრწყინვალედ აზროვნებს. კინოთეატრ „რუსთაველთან“ ღამის სეანსზე შესასვლელად ხალხი შეკრებილიყო - კონიუქტურული, მოწყენილი. იქვე გაზონის პირზე ჩამომჟდარი გიჟი მარინა გამვლელ - გამომვლელს ქარ - ცეცხლში ატარებდა. გვერდით მივუსხედით თბილისის კოლორიტს. ელდარი კითხვას კითხვაზე უსვამდა, მის სულსა და გულში ილექებოდა, იქნებ იყო სიბრალულიც? მარინა თავის ქმარზე გვიამბობდა, იგი რამდენიმე ათეული წლის წინ გარდაცვლოდა და თურმე კუკიის სასაფლაოზე განისვენებდა. პოეტმა სულით ავადმყოფის ტრაგიკულ ბზარის გამთელება დაიწყო. სახის წაწვეტებული ნაკვთები უფრო წაემახა და დაემანჭა. ასეთ დროს მისი იერი სისხლმოწყურებულისას ჰგავდა და ქარაფშუტულ მოქმედებისთვის მზაობას გამოხატავდა. შეუდექით პოეტურ სიგიჟის ინსპირაციას. ვიყიდეთ ღვინო, `ზაკუსკა~ და შუაღამისას მამაც სულების სამკაციანმა გუნდმა კუკიის სასაფლაოზე შევაბიჯეთ. საფლავებს შორის მიხვეულ-მოხვეულს უცნობ მიზნისკენ მივყავდით. გიჟ მარინას ქმრის საფლავის პოვნის მბჟუტავ კანდელს მივყვებოდით. ლაბირინთიდან თავის დაღწევას აღარ ვცდილობდით. კერძევაძემ მთელი ღამე ამ ჟინს მიუძღვნა მე კი ჩონჩხების ცეკვა მელანდებოდა. მიცვალებულს ვერ მივაგენით. აკროპოლისიდან ნეკროპოლისში ღამეულად წარგზავნილმა სამმა პარლამენტიორმა ერთი საფლავი შევარჩიეთ, გალავანზე სანოვაგე გავშალეთ და ღმერთი ვახსენეთ. ფერისცვალება თენდებოდა. ეს ქართველი მეფისტოფელი ბედისწერას შესჭიდებოდა. ერთ გვიან ღამით ქარალდივით თეთრი მომადგა რამდენიმე ბოთლ ღვინით ხელში. კარამდე რომ ვერ მოსულა, ლიფტში დამჯდარიყო. მეზობელმა შემატყობინა (მგონი შენთან მოდისო). ვფიქრობ პირველი მიკროინფარქტი მაშინ დაემართა. -თავს რატომ იკლავ მეთქი. -ძიძიას შვილი ეყოლა! წამოდი, გივის მივულოცოთ!-ო -ღმერთმა გაუზარდოს მაგრამ შენ რომ კვდები?! -იცი ძიძია რატომ დაარქვა? რუსებს ენა უნდა მოვტეხო, ძიძია ძნელაძე როგორ ჟღერსო? მე სიტყვა ბანზე ავუგდე თუმცა არ მიმატოვა, იცოდა ჩემი ჟინიანობა ხანმოკლე იქნებოდა ხოდა მაჯობა. ბოთლები გამოვართვი, მკერდზე ხელს იკიდებდა, მხარში ამოვუდექი, გვერდი-გვერდ მივაბიჯებდით და ვფიქრობდი:ამას ახლა გული ტკივა. ჩემი რომ არ სწამდეს, ამ შუაღამისას კარს არ მომადგებოდა მაგრამ ამდენმა გამოცდამ დამღალა. კი ვარ მისი კეთილსაიმედო მეგობარი მაგრამ ერთგულების წარამარა შემოწმებამ გამთანგა. ეს გაუთავებელი ცდა ერთმანეთის მიმართ პირიანობისა თითოეულ მათგანს ძვალ - რბილში ჰქონდა გამჯდარი. ვწერ ამ სტრიქონებს, ისინი ცოცხლები აღარ არიან და მეჩვენება, - მათ წინაშე კვლავინდებურად გამოცდას ვაბარებ. ვესტუმრეთ გივის. მის მოხუც დედას უთხრა შენი ქელეხის ხარჯი მე უნდა გადავიხადო და ნუ გეშინიაო, თვითონ კი სული კბილით ეჭირა. ხომ არ მოგბეზრდათ, იქნებ დაგღალათ დახვეწილ გონების გრძნობათა წავარნამ, ადამიანისა სულ რომ გონებაფხიზლობდა საკუთარ ჯანმრთელობის ფასად მუდამ მოულოდნელი სიხარულის მომნიჭებელი. ორპულსოვანი ბუნების კაცისა-აკადემიურისაც და ყაჩაღანასიც. პოეტის დასრულებულ ოსტატობის დროინდელია, სიმწიფის ხანის მონაპოვარია მოშინაურებული განცდანი, კერძევაძის პოეტიკამ რომ დაიტია:
„დუმილი მუდამ რაღაცას ნიშნავს, ხმაური ზოგჯერ ნიშნავს არაფერს, ბედნიერი ვარ, ან არა მიშავს,- როცა დუმილი მალაპარაკებს. ფერებს და ბგერებს დავეძებ უხმარს, ხელმოცარული არ მსურს დავბრუნდე, ვერ წარმოიდგენ, თუ როგორ ვწუხვარ, როცა ხმაური მირჩევს დავდუმდე...“
ბრწყინვალე ნანადირევია:
„მომიჯახუნა მეგობარმა ცხვირწინ კარები და მამცნო ჩვენი მეგობრობის გარდაცვალება“
იაფი ნააზრევი როდია?! რთული ჩანაფიქრი შთამბეჭდავია;
„...ცივ სარეცელზე მარად მღვიძარმა წარსული მთვარედ ცაზე დაჰკიდე, ვერ დაივიწყე დაუვიწყარი, როცა გათხოვდი, -მაშინ დაქვრივდი.“
ჟამ-ჟამად ეს თვითრჯულიც ცდილობდა „გამოსწორებას“, მეუღლეს უჯერებდა, შინიდან გარეთ აღარ გადიოდა და რაც შეუქმნია სწორედ იმ დღეებშია დაწერილი. წიგნები, ყვავილები, ჭიქა ჩაი, მზიანი დილა, მაგიდაზე ლოპე დე ვეგას „დანაშაული არ არის სასჯელი“ - მისი უკანასკნელი საქმე. თარგმნა დაუგვიანდა, წინასწარ აღებული ჰონორარი დახარჯული ხოლო თამაზ ბაძაღუა ყოველ შეხვედრისას შეახსენებდა: „ბატონო ღვიღვა როდის თარგმნით წიგნს?“ მაგონდება, ცალკე ცხოვრებაზე ფიქრიც დაიწყო, მეტი ხალვათობა მოენატრა, სამუშაო პირობების უქონლობა მოიჩივლა მაგრამ 1980 წლიდან მხოლოდ ლიტერატურული მოღვაწე იყო, მარტო პოეტი, აღარსად მსახურობდა. ოხ ეს სიმბიოზიც – სისხლი რომ გაუშრო არაერთ შემოქმედს! ასეთი იყო მისი ისტორია და იგი ჩვენი, ელდარის მეგობრების ბიოგრაფიის ნაწილიცაა. მშობელი რომ დაასაფლავა, ორჯერ ნაინფარქტალმა თავი სასთუმალზე არ მიდო - მამა პირველ ღამეს ათევს საფლავშიო! მესამე ინფარქტსაც არ დააგვიანდა. დაბნეულმა ქალიშვილმა, ვერაფერი რომ ვერ მოეფიქრებინა, სათბური მიუტანა. პოეტმა შეათვალიერა და იატაკზე მოისროლა ოხრად მრჩება ყველაფერიო. ვკვდები ახლა შვილო და არ შეგეშინდესო. მალევე გათავდა. „ჩემო უბედურო მამაო“ მხოლოდ ამ სიტყვებით დაიტირა უმცროსმა ქალიშვილმა. ირინეს შავსვიან მშობლის და ჩვენი ბედდანავსული მეგობრის წარმოუდგენელი აქტიურობა ხის ტალავარში გაყუჩებულიყო. უსამართლოდ გაკიცხულს უნდოდათ მკვდარსაც ურჯულოდ მოპყრობოდნენ. მაღალ საზოგადოებისგან მიუღებლის თუ საშუალო რეპუტაციის პოეტის ნეშთს მწერალთა კავშირში ნუ შემოასვენებთ -–ხალხი არ მოვაო. კერძევაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი Fფსიქოლოგიური ტიპის ყველასაგან განსხვავებულობა. თავები მის დაცვას მივუძღვენით, მაჩაბელზე მაინც მივიყვანეთ და ოსტრაკისმოსი სიცრუე გამოდგა. იგი დავასაფლავეთ მორალურ და სოციალურ გახრწნის წლებში. დავკრძალეთ მაშინ როდესაც ნაცარტუტად იქცა ყველაფერი რის წინაშეც უწინ ქედს იხრიდნენ. მიწას მივაბარეთ საყოველთაო გულგატეხილობამ რომ მოიცვა საქართველო. ფიცარი ფიცარს დაუახლოვდა, სადაც იყო დააფარებდნენ. უკანასკნელად ვხედავდით კერძევაძის ნაკვთებს და უეცრად ამირან ასანიძემ ხელი შეჰყო – მეგობარს ყური აუწია. საფილოსოფოსო დანართი როდია! სხეულის მოძრაობამ სული შეატოკა და თავიდანვე, რაც მაშინ ვიგზნე, ნათელი და გარკვეული იყო ისევე როგორც იდეის იდეაა უცხადესი. საიდან მოდიან და საით მიდიან ისინი?! – ვუპასუხოთ ლუი არაგონს! ბუნებრივად წარმოშობილნი მკაცრად განსაზღვრულ დროსა და სივრცეში იშვნენ. მათი გაჩენა სულაც არ გახლდათ აქციდენცია. ჩაიაკვნეს სულიერად და მატერიალურად განფენილ არსთა, კარგად დაფუძნებულმა ფენომენებმა. იქნებ მცირედათ ნაკლოვანებმა რა უშავდათ! იტვირთეს აზროვნება, გონების სუვერენობა, რაციონალიზმი. ზედროულ არსებობასთან ერთად ისაგზლეს სიყვარული, მერე რაა თუკი უკანასკნელში გული გაუტყდათ. უმაღლესი არ დამდაბლებულა, უმდაბლესი არ ამაღლებულა. არ იყო კიბური რომლის დაბალ საფეხურს მაღალი მოსდევს. არამედ იყო არენა, სიბრტყე და არსნი სწორედ იმ არენაზე განლაგდნენ. ღვთაების ჭვრეტის გვერდით, პოეტურ მოწოდების პარალელურად მორჩობდა ინტუიცია, შორსმჭვრეტელობის სიზუსტე და გეომეტრიული ალღო. ლოგიკით იარეს მეტაფიზიკისკენ, მეტაფიზიკის საფუძვლებზე აშენეს ლოგიკა. პოეზია ფილოსოფიას დაეკონტაქტა, ფილოსოფია პოეზიას. მათმა აზრებმა ბევრი ააღელვა ხოლო რეაქციამ აიძულათ თავიანთი ნამდვილი ფიქრები დაემალათ. იშვნენ სხვებიც – პასიურ ყოფით, სხვა სიბრტყეში, სხვა განასერში, ნამდვილი არსებობით, სამყაროს სარკეში ისინიც აირეკლნენ. ტრანსცენდეტალურ რეალობის შვილთ იმ ემპირიკოსების ბნელი პერცეფციების აპერცეფცირება დაევალათ. სცადეს ძვლები შეემაგრებინათ მათთვის, ფრთები შეესწორებინათ თუმცა დასახულ მიზანს სიცოცხლის ნახევარგზაზეც ვერ მიაღწიეს. და სწორედ მაშინ გამონახეს პრობლემის გადაწყვეტის უმჯობესი საშუალება – აღსასრული დააჩქარეს! სხეულის მოძრაობამ სული შეატოკა და მე დავინახე მათი ფაქტიური კავშირი. ჰოდა გაუნაბულდი გრძნობას რომლის გამომწვევი მიზეზი ჩემთვის მიუწვდომელი დარჩა. არამეულ მოდგმის სათავეებთან დანამომარჯვებული აბრაამ სისხლის დაღვრას აპირებს -–ყელგაღადვრას განტევების ვაცისა. იქნებ ის მსხვერპლი იმთავითვე არსებულ სამებათა რომელიმე ჰიპოსტასია ხოლო თვით სამებაში ერთი გაგარევებისაა. რაა ის სულიერი მდგომარეობა როცა კაცი ორს უზავდება ხოლო მესამე გასადევნად უჩანს?! ვინ ემსხვერპლენ კერპებს? ძვირი ხომ არ დაუჯდა წარმართობისდროინდელ პოეტურ ჯილაგს თვალგაშტერება? სისხლი, ხორცი, მირონი იტყვიან ჩვენში. მწამს, მეიმედება, მიყვარს –ღაღადებს ტყვედქმნილი პეტრეს სასოება. გული, ბაგე, გონება-ახსენებს ზენაარს მუსლიმი. სიბრძნე, ნება, სიყვარული. სისწორე, სისრულე, სილამაზე. განუყოფელი, თანაარსი, ცხოველმყოფელი. რომელ მათგანშია ჩაბუდებული პოეტი პლერომა. რა ქვია ჰიპოსტასს თავიდან რომ იცილებს უპრაქტიკულეს ერის-არამეულ რასის მამამთავარი?! მუდამ ვენდობოდი ალღოს. ძველბერძნულად იხსტუს თევზია. სიტყვა წინაპარი იქნება ისუსი-ს. ხმელთაშუა ზღვაში გაიზარდა და აზიის ნაპირებთან მიცურდა შავლაპლაპა კანზე ზედწერილ, წყლიდან ამოზიდულ კოცეფციებით. მიწა იცდის, ემზადება, თავს იყრიან პლერომები. რემა კი არა ალბათ რეუმა. ესეც ძველბერძნული სიტყვა გახლავთ და მდინარებას ნიშნავს. დინებისათვის თვალგამდევნები პელონიის მხარისკენ თესალიის ტყეებში სიბრძნით სხივმოსილ ქირონს ვიხილავთ. უკვე ვხედავ როგორ ემზადება იგი აჩრდილთა სამეფოდან გამოსასვლელათ ცხენოსნობის, მშვილდოსნობის, მუსიკისა და სამართლიანობის მასწავლებელი რომ კვლავ დაუკრას ოქროს ქნარზე და უმღეროს პირველქმნილ ქაოსს. მიზანმიმართულ ნაკადს ჩვენი მეგობრის პლერომაც შეერწყა-მონადა პასუხისმგებლობით სავსე ოჩანისა, განუმეორებლისა და ერთადერთისა. პრობლემები ალბათ აღარ ექნება... გიგი კეშელავა მეგობრის ქელეხში არ შემოვიდა, სასტუმრო „ივერიის“ შესასვლელთან დამემშვიდობა და წავიდა. გულით მინდოდა საფლავში წოლის პირველ ღამეს მეფხიზლა ელდარისთვის ჩემი ოთახის დამწუხრეულ გარემოში მაგრამ სწორედ იმ ღამით, მაინცდამაინც იმ ღამით ტყვიასავით დამძიმდა, უსაშველოდ დამძიმდა ქუთუთოები.
Комментариев нет:
Отправить комментарий