ნარკვევები; ლექსები; თარგმანები; გამოკვლევები; კურიოზები...

четверг, 18 июня 2009 г.

იყალთოელი კარლო არსენაშვილის გახსენება

კიდევ ერთი წყევლამითვლილი. თავის თავთან მოდავეთა გვარისა, შეუცნობლის სამანთან მისულთა მოდგმისა. როცა ვკითხე -–ვის ელაპარაკებოდა -–მომიგო: - შენ ძალიან კარგად იცი ვისაც ველაპარაკები!-ო. ხმამაღალი ფიქრი ვისწავლოთ! ვინ იცის, რას ოცნებობს თითოეული ჩვენგანი უტყვად, მზაკვარი ტვინით, მყვარივით რომ გაგვლურსვია თავის ქალაში. ბევრ მწერალს შეუღია ჩემი სახლის კარი, არავინ იყო მათ შორის მისებრ დარბაისელი, ზნეკეთილი. რატომ დავაშორიშორო მწერლის და კაცის თავგადასავალი? დიდხანს იქნებოდა იყალთოელ მოჯამაგირეთა შვილიშვილი და შვილი, გასამრჯელოს „ნატურით“ რომ იღებდნენ, მაგრამ კარლოს მამა კომკავშირში გაწევრიანდა და დაიწყო დიმიტრი არსენაშვილის აღმავლობის ჟამი. იყალთოს სათემო მედღეურთა კომიტეტის თავმჯდომარე; ამხ. სტალინის სახელობის საქართველოს სასოფლო სამეურნეო სამწლიანი უმაღლესი კომუნისტური სკოლის კურსდამთავრებული და პარტიის წევრი; თბილისის „ბატოტბერნოს“ რეალიზაციის სექტორის გამგე; კასპის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; გორის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; თბილისის ცეკავშირის „ვინპრომის“ მმართველი... პირადობის მოწმობებში ჩაკრულ სურათებში სატინისპერანგიან ყმაწვილს ტყავის ქურთუკიანი მამაკაცი ენაცვლება. გამოხედვა მშვიდი, იქნებ მკაცრიც თვალში საცემ დეტალით: ფოტოდან ჩინოვნიკი შემოგვცქერის. უჭირველ ოჯახში გაიზარდა თუმცა ყოველთვის სადად იცვამდა, უბრალო ავტოკალმიტ წერდა, მუდამ ბოწოწო პაპიროსს ეწეოდა პლასტმასის ჩიბუხით. იყალთოდან დედაქალაქში მოკრძალებული ხელბარგი მოჰქონდა, ღვინო კი არა -–რძე, ნადუღი და ვარდის წყალი. ბუნებით მიამიტმა, სულგრძელმა და უანგარომ ფულის მოხვეჭა მიზნად ვერ დაისახა. მასში მატერიალურს ინტელექტუალური საწყისი სჭარბობდა. მწერალს, მორალისტს, მემარცხენეს ვერცხლზე მეტად სახელი ეძვირფასებოდა და კომფორტის გარეშეც თავი იოლას გაჰქონდა. ნაღვლიანი და მხრებჩამოყრილი გავიცანი რამაც მაფიქრებინა, ბავშვობა მძიმე და გაუხარელი ექნებოდა. რა უნდა გასჭირვებოდა იმხელა თანამდებობების მამის შვილს?! ნუ იფიქრებთ რომ ეს მხოლოდ ორნამენტია:სკოლაში აგვიანებდნენ; ერთმანეთში ჭიდაობდნენ; ჩიტებს ლახტს უგებდნენ; ყარამანიანს კითხულობდნენ და ყარამანობდნენ; ალაზანში ბანაობდნენ და მორევში დასახრჩობად განწირულ მეგობარს შველოდნენ; სუვოროვივით ცხენზე ამხედრებულები იძინებდნენ; სოფლის განაპირა ძველ საბძელში იკრიბებოდნენ; რაზმებს ქმნიდნენ და დასში ორ გოგოსაც იფერებდნენ იყალთოელი ბიჭები. იყო კიდევ ერთი, მათი თანამოასაკე, ისიც იყალთოს ცის ქვეშ იზრდებოდა. თანატოლების თაბუნში არ ერია, მოსამსახურე მშობლებს მისთვის ვერ მოეცალათ, ბაბო-პაპასთვის მიებარებინათ ვერძის ეტლზე დაბადებული, მეოცნებე და მოუსვენარი, ალბათ ხმამყივრად რომ ითხოვდა ყურადრებას. ჯეროვნად როცა ვერ მიაპყრეს, მშობლების სითბოს დანატრებულმა, ბანზე და ერდოში მარტოდმარტომ იტანტალა, იბორიალა, მტყუან-მარტალი განიკითხა, ბალღმა თავის თავში რაღაც პირადული და გასაოცარი დაწინდა. 1945 წლის ზამთარში დიმიტრი არსენასვილმა იყალთოდან თბილისში ცოლშვილითურთ გადმოსვლა გადაწყვიტა. საღამო ჟამს მათ ეზოში „პალტარატონკა“ შერიხინდა. ხაბაკი მანქანის საბარგულზე დააწყვეს, ყველას გამოემშვიდობნენ, მაგრამ პატარა კარლოს უეცრად მოაგონდა-რაღაც ავიწყდებოდა, შინ შეირბინა და ჭრელტარიანი, ტყავის თასმებისგან დაწნული მათრახი გამოიტანა. გაეოხუნჯნენ-ვინმე არ გაჯოხოო. კაბინაში მძღოლის გვერდით დედას კალთაში ჩაუჯდა გულზე მიხუტებულ შოლტით. ავტომობილმა ჩამოიტოვა წყარო, საბძელი, გომური, პატარა, სუფთად დაკრიალებული ეზო, რამდენიმე კარ-მიდამო; გადაიარა რიყეზე გადებული ხის ხიდი და თბილისისკენ მომავალ გზას რომ დაადგა-სიბნელე წამოეწიათ. მკერდზე მიკრულ მათრახით დედაქალაქისკენ მოემგზავრებოდა 1945 წლის უთოვლო ზამთრის ერთ ღამეს და გულისფანცქალით ელოდა ქალაქურ ცხოვრებას. მთელი სიცოცხლის მანძილზე ის შოლტი იქნია. ვიეთნთ სახრავდა, როზგავდა, აოსებდა, ასავათებდა, მათრახსაცხუნებელი ირგვლივ არავინ ჩანდა. მაინც აჭრელებდა, ზათიანად უთავაზებდა. თავი დამარცხებულად არც როდის უგრძვნია, ბედნიერ დასასრულისა ყოველთვის სწამდა, გაროზგილთა თუ დალილავებულთ ღდინი ვერ გააგდებინა. სიბრძნისა და უმეცრების ანტაგონიზმმა აპოგეას მიაღწია. ძარღვებაშლილი, სულგაწკეპლილი და ბუღნადენი 2003 წლის შემოდგომაზე უკანასკნელად მიუბრუნდა იყალთოს და ორიოდ კვირაში ტვინში სისხლის ჩაქცევით დამთავრდა. ვინც კი სულიერ განცდებით სავსე მის სამკვიდრებელს მიახლოვებია, უთუოდ გაიგონებდა ზეაწეულ ტონით ხმაურს მეამბოხისა, დარწმუნებულის თავის აზრების უდავობაში. იგი იყო მთავარი და მხოლოდ ერთი როლის შემსრულებელი იმ ტრაგიკომედიაში. აკადემიის ერთადერთი სქოლარქიცა და პერიპატოელიც. ხმამაღალ, დიად რისხვით შეფერადებულ მონოლოგებიდან ენერგია მოედინებოდა და შეიძლებოდა ბევრისთვის სთაგონების წყაროდ ქცეულიყო. ისე ბობოქრობდა, გეგონებოდა ახალ ერას იწყებსო. ვის ედავებოდა, რას ამტკიცებდა? ასაბუთებდა რაღაც არსებობს ან არ არსებობს. მოხდა-არ მომხდარა. მართებულია-უმართებულოა. განსაზრვრავდა, ადგენდა, შეურიგებელ ფილოსოფოსობისთვის განათლება ყოფნიდა. გაგულისებულად, კონსტრუქციულად აზროვნებდა: -დაარსა ქალაქი და წმინდა პეტრესი უწოდა. მიდი და არკვიე ვინ არის პეტრე-მოციქული თუ თავად მეფე! ლოცვა გინდათო? გადმოასვენებინა ნეველის ნეშთი-მასზე ილოცეთ!-ო. რა სწამდათ დიდებს, ქარიზმატულებს? –არც არაფერი! უხალისოდ ეაჯებოდა ალაჰს შაჰ აბასი და შექმნა სამეფო რომლის დროშები ავღანეთიდან არაბეთამდე ფრიალებდნენ. თავზე როცა გვირგვინს დაიდგამ დაივიწყე დედ-მამა; და-ძმა; ცოლ-შვილი; ნათესავი; მოსადევარი; ენა; რწმენა; ვარსკვლავებით მოთვალული ცა; საკუთარი თავიც კი-უკლებლივ ყველაფერი და გახსოვდეს ერთადერთი-სახელმწიფო, რომელიც ჩაგაბარა ხალხმა!~ მისი იადგარი, მისი სამახსოვრო ზაურ გაბიჩვაძის სახელი და გვარი გახლდათ. არსენაშვილი უშიშროების მაღალჩინოსან მოკეთეს 1977 წელს სამოყვრო სუფრასთან შეხვედრია და უსაყვედურია:`მათთან რატომ თანამშრომლობ~-ო. „მალე ყველას „კგბ“-ს ჯაშუშებად გაქცევთ“-ო, იმასაც განსაკუთრებულ რესკრიპტით განუცხადებია და ეს ჩემი ცოდვით სავსე სამიდღეშიოდ გაფხორილა. არ უთენდებოდა და უღამდებოდა ზაურ გაბიჩვაძის ოხტში რომ არ ამოსულიყო, ჯავრი არ ამოეყარა. აალდებოდა და იწყებოდა ხმამაღალი მსჯელობა სესახებ იმისა თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რარიგ უნდა მოეწყოს წუთისოფელი. ფრაზა მოედინებოდა თავისუფლად, მოკლე პერიოდებად დანაწევრებული. ეს ერისტიკული მსჯელობები მიმართული იყო იმ ერთადერთი მსმენელისადმი არა იმ მიზნით რომ პატიებისთვის მიეღწია. ორატორი სათნო იყო, გონიერი, კეთილგანწყობილი. მამხილებელთ მტკიცებითნი ენაცვლებოდნენ მაგრამ ოთახის ერთ კუთხეში სწორედ ის მოხუცი ეშმაკუნა იჯდა, დასცინოდა ღიჯინა, საწინააღმდეგოს ასაბუთებდა ბაბაჯანას ქოშივით მოუშორებელი, თავ-პირი მოჭამა, სისხლი გაუშრო. მტერი იმ ერთის გარდა არც ვინმე ჰყოლია, იქნებ თავად გამოიგონა და სწორედ იგი აგიზგიზებდა მის აზროვნებას. გონების სამსჯავროს წინაშე მას აყენებდა. მოწინააღმდეგის შეხედულებებს საპირისპირო თვალსაზრისს ატოლებდა, საკუთარ საბუთებიდან ლაპარაკობდა და ამხელდა. პოზიტიური ცოდნაც გროვდებოდა. „-ზაურ გაბიჩვაძის ჯგუფი 1977 წლიდან მითვალთვალებს, მსპობს, მანადგურებს! რაა ჩემი შემოსავალი? - პენსია 14 ლარი, მარტოხელობისტვის განკუთვნილი დანამატი 22 ლარი, მწერალთა კავშირის მიერ დანიშნული სტიპენდია 22 ლარი. ესეც შეშურდათ, მამუნათებენ, განადგურებით მემუქრებიან, არ განმახორციელებინეს არცერთი ჩანაფიქრი, ვერ დავამთავრე ამ ბოლო დროს დაწყებული ვერცერთი თხზულება. ნუთუ ბოროტებისტვის გაჩენილან უშიშროების მუშაკები? კი მაგრამ, ხომ ჩვენი ქვეყნის უშიშროებაა, ქართველი მწერალი არ ვარ?!“ ეს ყველაფერი რეპეტიციას წააგავდა რევოლუციონერისა, მისებურ არსებობას რომ დაგანატრულებდა. კარლო არსენაშვილის თხზულებები არ არის ოპტიმისტის საკითხავი წიგნი. `კოშკი~ ერთ-ერთი რომანტიკული ნაწარმოებია. იგი მოგვითხრობს მწერლის ფიქრზე თანამედროვეობიდან დანახულ წარსულის შესახებ. მან ეს თხზულება თავიდან სულ სხვვაგვარად მოხაზა და ვგონებ უმჯობესად. ნაწარმოების გმირი კაკო უროლოგიის საავადმყოფოს ხეივანში ბებერ ნეკერჩხლის ქვეშ სკამზე ჩამომჯდარ ორ თანაპალატელს - დიმიტრისა და ალექსის შეუერთდება. დიმიტრი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებს, როგორ გაგზავნა ერთხელ ბიძამ ქალაქ ვერხვიანში თავის მეგობართან თუშურმოსართავიან ცხენით და წიგნები გაატანა. ბორცვიან ქალაქში აღმართის თავზე რიყის ქვით ნაგები დაკბილულქონგურებიანი გოდოლი მდგარა და იმ კოშკზე მიდგმულ აივნიდან წითელკაბიან გოგოს ახალგაზრდა ბეგთაროსნისთვის გადმოუძახნია: „ვინ თქვა არსენა მოკვდა“-ო. მოულოდნელად შეფრენილა ძოწისფერკაბიანი დიმიტრის გამჭვირვალე ოცნების წრეში. ის ზმანება ყოველთვის თან ახლდა. ოპერაციას უროლოგიის განყოფილების გამგე ქალბატონი ე.მ. გაუკეთებს. ავადმყოფს გული უმტყუნებს და გარდაიცვლება. თხზულების გამოუქვეყნებელ, პირველ ვარიანტში ცნობილი დასტაქარი, ქალბატონი ე.მ. სწორედ ის წითელკაბიანი გოგოა-ვერხვიანის კოშკის ასული. დიმიტრის საკუთარი ოცნება კლავს. გამთენიისას, როცა შეიტყობს კაკო თანაპალატელის დაღუპვის ამბავს, წარმოიდგენს ქალაქ ვერხვიანს, ძველებურ კოშკზე მიდგმულ აივანს და თითქოს ცხენის ფლოქვების თქარათქურიც შემოესმება. ჩვენ ერთმანეთის ოცნებებს მივდევთ, მე შენსას, შენ სხვისას. კარგად, შთამბეჭდავადაა განსახიერებული ჩანაფიქრი, სურათი სრულად დახატული, გრძნობა ბრწყინვალედ გაანალიზებული. ამაღლებულს და გულუბრყვილოს ამა სოფლის სიავეთაგან სული ეხუთებოდა, იტანჯებოდა რადგან იყო სამოქალაქო ომი, უმუშევრობა, შიმშილი და ცვლიდნენ ერთმანეთს ბრალდებები თუ ენთიმემები. ერთი ამოსუნთქვით წარმოსათქმელი პერიოდული მონოლოგები. 90 იან წლიბის ამსახველ წიგნებისათვის წასამძღვარებელი ეპიგრაფები: „-ვინ თქვა კოსტა ხეთაგუროვის ოსობა? დანაყბედია! მისი მამა ლევან ხეთაგური ნიკოლოზის ჯარის ოფიცერი იყო. შეეძინათ ვაჟი, უწოდეს კონსტანტინე. რუსეთში გაზრდილი წერდა რუსულად ოსურ ამბებზე. ცუდია ფატიმა?! იჩემებენ და დაიჩემონ. ან იქნებ ხალხი გაიზარდა და მეტი პატივისცემა მოითხოვა. ქვეგამხედვარობენ? რა ვუყოთ, მაგრამ, ილია კავკაზაკი შიმშილისთვის რატომ გავიმეტეთ? ეს ხომ იყო ჩვენი ორიენტაციის! ულუკმაპურობამ მოკლა მისი ცოლი, თავადაც შიმშილმა მოუღო ბოლო! ეჰ, როცა კაცს გულზე ამხელა დარდი გაწევს კენჭის მოფშვნით რას უშველი? ხელფასი - არა! პენსია - არა! ჰონორარი - არა! ქურდობა ჩვენ არ შეგვიძლია!“ სულიერ განცდებით სავსე იყო მისი ბინა. ჯუჯღუნებდა საკუთარ თავით უკმაყოფილო, უპატრონო, უცოლშვილო, ლიტანი კაცი: „-დედაჩემი ამ საწოლზე აუტანელმა ტკივილმა მოკლა!“-ო. ფანჯრის რაფაზე გატეხილი ბროლის საფერფლე შეენახა. მინდოდა გადამეგდო, არ დამანება. მე მხოლოდ ეს გამიტყდა, მეტი არაფერიო... ვფიქრობდი:`он был послушным ребенком~. ოთახში საწერი მაგიდა, ძველმოდური სამზარეულო, წიგნების კარადები. თაროს ერთადერთი სალუქი ბეჭედი-გურამ რჩეულიშვილის ფოტო-ერთადერთი ფოტო. „- როცა სუფრას Mმივუსხდებოდით, პაპაჩემი სუფრის თავში ჯდებოდა, მე მარცხნივ, გურამი მარჯვნივ, ასე ვნაწილდებოდით. ჭიქებში ღვინის ჩამოსხმის შემდეგ სურას ყოველთვის თავსაცობს აფარებდა. პაპა კვირვობდა, გურამი უსაბუთებდა:ბატონო ივანე! წესია! პილატეს ცრემლების სურნელი თავდახშული თუ არ იქნება-ამოქროლდებაო. ალავერდობაზე არასდროს ყოფილა. იმ დღეს მე და გურამი ნეკრესში ვიყავით, ალაზნის ველსა და ალავერდის ტაძარს გადავცქეროდით. მახსოვს უძველესი ჯაჭვები. იმით, ალბათ, მსხვერპლს თანგავდნენ და მერე კერპს სწირავდნენ. ალავერდობისთვის შთაგონება რჩეულიშვილს ნეკრესში ეწვია!“ არა დარჩენოდა ქვეყანაზე მოგონებათა გარდა. ყველგან წერილების გროვა - იყალთოდან, სოხუმიდან, ყარაგანდიდან, პოდგაეციდან, ყირიმიდან, ტერნოპოლიდან, ბაქოდან, მოსკოვიდან - მისამართზე: ვარციხის 13. წარსული სამუდამოდ წარსულია და ვერ დაიბრუნებ, ვერაფრით გააცოცხლებო. იქნებ სევდაცაა და საკუთარი უმწეობაცო, ეს გლახგულობის შეგრძნებააო, მაგრძნობინა, სულის რადარი უნავლდებოდა, ვინმეს მისი ცხოვრება უნდა შეეჯამებინა. `ვთავდები გესმის, კაცი ვთავდები!-ო და მივუჯექი მაგიდას, ვიკითხე წერილები, ვფურცლე დაუვიწყარი მოგონებები, ვაანალიზე ყველაზე მნიშვნელოვანი განცდილ - გადატანილი. ბარათები მოწერილი იდეალურ შეყვარებულისათვის ჯულიეტებისაგან, ზღაპრულ მეფის ასულთაგან: „...თვალწინ მიდგას დაუვიწყარი დამშვიდობება ბორჯომის ვაგზალზე. ყირიმში ვერავის შევხვდი თქვენებრ ღირსეულს...“ კონსტანცია პიჟი „...ალუბკაში ვარ, ისევ იმ სანატორიუმ `პრედგორნი~-ში. ბევრს ვფიქრობ თქვენზე. ხანდახან ყურში ჩამესმის თქვენი სახელი...“ სვეტლანა ზორენკო
„...იქნებ ჩემი წერილი უშინაარსოც იყოს. პალატაში მუსიკა უკრავს ნამდვილი რადიომიმღებიდან. თითქმის ნახევარი წელია არ მომისმენია ეს ჰანგი. მაშ ცოცხალი ხარ და უვნებელი დაბრუნდი? გზამ ხომ არ დაგღალა. შენი ჩამოსვლით ისე გავიხარე როგორც ბავშვმა მშობელმა რომ ჩააკითხა. უბრალოდ, მეგობრულად მეპყრობოდი. ხატვა ჩემს ძალებს აღემატება, ტენისში არ მიმართლებს. მოიტანეს ფილმები „ელექტრა“ და „თეთრი ქარავანი“. ელექტრამ დამაღონა. ძილისწინ ხანდახან ვიხსენებ გახუნებულ ფერებს. თავად იდეა ხილულისა და ჩავლილისა გულზე ალბათ ნებისმიერს მოხვდება ოღონდ უნდა მიუტანო ახლოს, აგრძნობინო იმ სიუჟეტურ სქემით, შენ რომ მითხარი (თანამედროვე და უმჯობესი უბრალო და მარტივია. იმ უბრალოებაში უნდა ჩასდო ძლიერი გრძნობა. ადვილია ციტატების და საყოველთაოდ ცნობილი ფრაზების მოშველიებაო) იტყვი და მართალი იქნები. ერთი ლიტველი მწერლის წიგნი წავიკითხე. ნეტავ არ გადამეშალა. მერჩივნა მეფიქრა როგორ მივსეირნობდით, გვაცილებდა ჩიტების გუნდი, ვსაუბრობდით სველ კალოშებზე და მიკრონაფეხურებზე. გიგზავნი ჩვენი ქალიშვილის ფოტოს. იგი უკვე ექვსი თვისაა. შენ ახლა ყოველ დილით სამსახურში ცხადდები მე კი კვლავ გკოცნი წერილიდან.“ აუშრა უყვარდათ ქალებს, მაგრამ მთელი ცხოვრების მანზილზე ხელი მოეცარა სიყვარულში, რომლის საძებნელადაც შორს, მდინარე ედილის ნაპირებისკენ გადაიხვეწა. მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებულს კი თან მოაქვს ერთადერთი ნივთი - ავტოკალამი საჩუქრად გურამ რჩეულიშვილისათვის. მომიახლოვდა მაგიდასთან თავდახრილს, ლოყაზე რბილად მიჩქმიტა: „-რაზე ფიქრობ ახლა შენ? ბაზილიკებსა და ნასოფლარებზე? წერილებსა და ფოტოებს დახედა: -არ იყვნენ ჩვენი გოგოები ეფექტურნი. ისინი უფრო საბავშვო ბაღების ძიძებსა ჰგვანდნენ. მათ ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდათ. იცოდნენ ზეპირად უამრავი ლექსი, ვუყვარდით ჩვენ. ჰო, საბავშვო ბაღის ძიძებსა ჰგვანდნენ“. წვრილმანების დანახვას პროფესია ავალდებულებდა. მოთხრობაში „ახალ წლის ღამეს“ სანატორიუმ ლიბანში მომხდარზე მოგვითხრობს. ღამით ოთახში შუქს ჩააქრობენ და ფანჯარას ღიად სტოვებენ პაციენტები. პალატაში ქროლვას იწყებენ ფერადი წერტილები. კრიალებენ, ბრუნავენ, ქრებიან, ისევ ენთებიან და სიოს მობერვაზე კვლავ გაიკრიფება ოთახიდან ფერადი ნისლი. ნაწარმოებში აღქმის ისეთი დიაპაზონია, მწვდომელობის იმგვარი ძალაა-დემოკრიტეს რომ მოეწონებოდა. ეს შეგრძნება კარლო არსენაშვილმა მწერლობის საკურთხეველთან მიიტანა. განუსაზღვრელ შემოქმედებით ენერგიის და ძალზე ხასიათცვალებადის გვერდით ყოფნა დამღლელი იყო მაგრამ არა მოსაწყენი. ფრაზა მოედინებოდა თავისუფლად, მოკლე პერიოდებად დაყოფილი. ენაცვლებოდნენ ერთმანეთს: სათათბირო, სამოსამართლო, ეპიდექტიკური, პათეტიკურნი, მიზანშეწონილნი და არასოდეს დაბალ სტილისა. თემა კონკრეტული, რიტორიკის ობიექტი გარკვეული. ასეთ დროს მისთვის ყურადღება არ უნდა მიგექცია, ვერც ის გამჩნევდა, შეკამათება ხომ სიგიჟე იქნებოდა. გრადაციის გზას მიჰყვებოდა, ფინიშისკენ მტკიცედ მიიწევდა, ჯიუტად და არ არსებობდა აზრი რომელიც მას შეაჩერებდა. მშვიდი, ინტიმური განწყობა სუფევდა. კვლავ ინტელიგენტური აზრები ჩამესმა. ლანა ღოღობერიძეს უტევდა: „-მაინც რა ცხოვრება ჰქონდა ასეთი? გაგიგია გაუთავებელი წუწუნი? მე ასე ვეწამე, მე ისე ვიტანჯე. რამ გაამარტვილა? რა აქვს სავაებო? არქიტექტურული ფაქულტეტი დაამთავრა, მერე მოსკოვის საკინემატოგრაფო. ფილმი აუკრძალეს?-იდეოლოგია იყო ასეთი! ჰყავდა მშვენიერი მეუღლე. სტუდენტს კი ანდრია რაზმაძე აფინანსებდა. ილიას რა ექნა?! გაუთხოვდა საცოლე, აკრძალეს მისი იუბილეები, ბოლოს ტყვია მიიღო შუბლში. ელდარ და გიორგი შენგელაიები ბავშვები დაობლდნენ. გიორგიმ ფირფიტაზე სიმღერები ჩაწერა, თავს მით ირჩენდნენ. ვით ვერ გამოძებნა ისეთი, ვისაც აღზრდიდა და გამოცდილებას გაუზიარებდა. თეატრალურ ინსტიტუტში თუ ვერ იპოვნა, - ქუჩაში ეძებოს, როგორც ბორის პაიჭაზე იპოვნეს ქუჩაში, როგორც კარუზო იპოვნეს ქუჩაში!“ თავის თაობის უჭკვიანესი პიროვნება გახლდათ, კაცთა შორის კი-ეული. მარტოდმარტომ იცხოვრა. სამწერლობო წრეებშიც მარტოხელად იცნობდნენ. ხალხს უყვარდა, არავინ უტევდა, არავის სძულდა, ალმაცერადაც არ უყურებდნენ. გამორჩევით გულღიას და მიამიტს სახეზე ღიმილი ხშირად დასთამაშებდა, გულისამაჩუყებელ მიმდობლობით შემომცქეროდა. არსენაშვილის ნაწარმოებები სავსეა სასურველ სამახსოვროებით. იფიქრებ, შორეულ წარსულში თავად გადახდა მწერალს და მოგვითხრო გულისწუხილით, განსაკუთრებით სევდისმომგვრელად. უცხო მხარეში სალაშქროდ წასულან ქართველები. ომი გადაუხდიათ. წყალობასა და ბერდიასაც დაუღვრიათ სისხლი, ბერდია სასიკვდილოდ დაჭრილა. სულთმობრძავს სანატრელი ერთი აქვს, ნელა თვალს ხუჭავს და ლუღლუღებს: „პირველ ქართულ სასაფლაოზე, პირველ ქართულ სასაფლაოზე“-ო. ფიქრის შევლება არ იკმარებს უმთავრესზე, რასაც ალბათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე დაკარგული გიორგი არსენაშვილის (კარლოს ბიძის) სამოქალაქო და სამკუთხა ბარათებიც იქვე იყო. ნიჭი ღვთისაგან ბოძებულია. ვერ ვიწამე გენეტიკური მადლი, მაგრამ არის რაღაც ირიბობა და ის გეზიანობა ჩვენს ცხოვრებაში ხანდახან მონაწილეობს. ხდება, მიმადლებულებას კაცი მშობლისგან კი არა, ახლო ნათესავისგან იმემკვიდრებს. მამის ძმის, გიორგის მირონცხებულებასაა ნაზიარები კარლო არსენასვილი. მენტალიტეტს, განუხორციელებელ უნარს იყალთოელისა, ძმიშვილს ლოგოსის სიყვარული რომ დაანათლა. ბიძის აზროვნებითაა დაღდაკრული კარლოს გული და გონება. სწორედ გიორგი არსენაშვილი იყო გენეტიკური კოდის მიმცემი ძმიშვილის მწერლად ჩამოყალიბების საქმეში. მასაც მოუსმინოთ: „-უმაღლესში იმიტომ არ ვისწავლე და დაუსწრებელს დავჯერდი რომ ჩვენი მშობლები შემენანა, მაგრამ ჩემს თავზე ვეღარ ვიმუშავე, მეორე კურსს ვერ გავცდი. მოვედი იყალთოში და ამკიდეს მოსავლელად საკმაოდ დიდი სკოლა, მეტად მოუწყობელი. მინდოდა დღე და ღამ წიგნთან ვმჯდარიყავ, მეკითხა, დავუფლებოდი მეცნიერებას მაგრამ წინწაუსვლელი ვრჩები. ამას თან ერთვის მშობლების ჩხუბი და აურზაური, მძიმე შრომისგან წელში მოხრილები ძლივს რომ დაიკაკვებიან. სად მოისვენოს სულმა? მერჩია ვყოფილიყავ ბავშვი მეძროხე და ცხოვრების ავის და კარგის გაგება არ შემძლებოდა. კარლო გამომიგზავნეთ. მისი მოვლისთვის თქვენ არ გცალიათ, ბავშვი სულ მარტოა, უპატრონოდ, გამხდარი, ნერვებგაღიზიანებული. ჩემი კარლუშა სუსტი რომ გაიზარდოს, ძმაო, იცოდე, სულ შენი მლანძღველი ვიქნები.“ წერილები ფრონტიდან: „კადრში დატოვებას მიპირებენ. ჩემი თავი აღარ მეკუთვნის. ბრძოლა მოუმზადებელ მეომრებთან ერთად მიხდება. უახლოვდებით ჩეხეთს. მამაჩემო, კარგი ღვინო დააყენე!“ „მომძაგდა ამდენი ძაღლუმადური ცხოვრება. ეს გულით მოხუცი კაცი ყოველდღე პატარა ბავშვივით დავრბივარ და დავატყაპუნებ ფეხებს სამწყობრო მეცადინეობის დროს. ჩემი დამტვრეული რუსულით ათეულს ვავარჯიშებ. უბრალო პაპიროსი `არსენა~ გამომიგზავნეთ, აქ მახორკაც არ იშოვება. როცა გაზეთებში კარგი წერილები დაიბეჭდება, შეაგროვეთ და გამომიგზავნეთ. ძალიან მომენატრა ქართული წიგნის კითხვა. აქ ხომ მხოლოდ წერილია კაცის სულიერი საზრდო! კარლო გენაცვალე! გისურვებ მოწინავე ადამიანის სახელი მოგეპოვებინოს. თუ წერილს გამომიგზავნი, მე აქედან ნამდვილ თოფსა და რევოლვერს გამოგიგზავნი. მწერენ, თურმე შენ წითეკლარმიელად გახდომა გინდა. შევთხოვ ბუნების ძალებს, ვიდრე დავაშკაცდებოდე ჯარი მოსპობილიყოს. ყველა ჯარისკაცის მბრძანებელია, შელახულია მისი თავმოყვარეობა, ყოველთვის გრძნობააშლილი და გაჯავრებულია. დაგვყვირიან რომ მალე ვისწავლოთ კაცის კვლა. ჭამის დროს ხელებს და თვალებს სწრაფად ვამოძრავებთ. ერთი „ჩაშკა“ ჩაის გულისთვის დედ-მამის გინება ისმის. შენ გონიერი ბიჭი ხარ და ყოველთვის წიგნებთან და თავისუფლებასთან უნდა იყო. გისურვებ შენი თავი შენ გეკუთვნოდეს...“ ქ. კოველი 341 წელს ქალაქ სუზაში სპარსელებმა აწამეს და მერე ჯვარს აცვეს არისტოტელეს მოწაფე, ასოსელი ტირანი ჰერმია. ვიდრე ჯვარზე გააკრავდნენ ჰკითხეს ნატანჯს: უკანასკნელი სურვილი ხომ არ გაქვს-ო. -გადაეცით ჩემს მეგობრებს რომ მე ფილოსოფიის წინაშე არავითარი უღირსი საქმე არ ჩამიდენიაო-უპასუხნია ჰერმიას. კარლო არსენაშვილმა იუარა მეცნიერება. ვაპოტრონიკა ჯერ ისევ სიახლე იყო და ისიც მხოლოდ პარიზში. ვერც წითელარმიელის ფარაჯა მოიხდინა. იგი და დათო ჯავახიშვილი თანაკლასელის, გურამ რჩეულიშვილის გზას გაჰყვნენ და არც მათ ჩაუდენიათ უღირსი საქმე მწერლობის წინაშე. ვკითხულობდი სამკუთხა ბარათებს და მშვენიერების ძებნასა და შეგრძნებას კვლავ მსჯელობათა სიმკაცრე დაუმეზობლდა. ისევ ახალი მონოლოგი თემაზე რაა მოსაწონი- დასაწუნი, მისაღები-უკუსაგდები. -კახეთის გზატკეცილზე პლაკატი გაუკრავთ: „კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე~ ეს რაღა უბედურებაა ჩვენს თავს. ეს ხომ მეხუთე კლასში ვისწავლეთ მაგრამ მერე განვითარდით, წინ წავედით! ევოლუციას არარაფერი განიცდის ამ თავაშვებულებითა და გარყვნილებით გამორჩეულ დროში!“ „-ხარება და გოგია ტყეში არ მოუკლავთ, სახლებში ჩახოცეს, შუაღამისას, მიპარვით, უკვე შემორიგებული ხალხი, თბილისის მაშინდელ გამგებლის დავალებით.“ „-რატომ იზრდიან ფრჩხილს ნეკა თითზე?-ეს ალბათ ყურის ან ცხვირის გამოსაჩიჩქნად სჭირდებათ.“ „-რატომ სჩვევიათ მისალმებისას მამაკაცებს ერთმანეთის პაჩი და მტლაშა-მტლუში? - დაე კოცნა უნაზეს გრძნობებისათვის შეინახონ!“ „-მაინც რა უცნაური ქალაქია თბილისი?! იწყება პოლიციის შენობით, მთავრდება პოლიციის შენობით!“ თელავიდან მოწერილი ბარათები ყოველივე კარგის შესრულების, ცუდის მოშორების სურვილით იწყებოდა და ხელის მაგრად ჩამორთმევით, მხურვალე კოცნით და კარგად ყოფნის ნდომით მთავრდებოდა. „აქ ჭექა-ქუხილი იყო, კოღოთოში სეტყვა მოვიდა...“ „დედაშენი და ელო ქლიავებს კრეფენ, ქერქად ახმობენ. შენმა რუსის ცოლმა რამდენიმე მოგვპარა...“ „ჩვენსა გრილა, ყურძენში თვალი შევიდა...“ და სხვა... საბურთალოზე კაფეში დამპატიჟა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბებზე მელაპარაკა: „ის ომი ანტიკურობის ფესვიდან ამოზრდილმა ორმა სხვადასხვა ცნობიერებამ განაპირობა. მ,ერე ყველაფერი ერთმანეთში აირია, აილუფხა...“ ხანდახან თვალები უსხივიანდებოდა. იმჟამად უბის წიგნაკში წერდა თავის ესთეტიკურ შეხედულებებს. ამ ჯერზეც კალამი მოიმარჯვა, გარეთ შხაპუნამ წამოუშინა, ნაწერისკენ თვალი გავაპარე: „წვიმს არა, მირზა, წვიმს. შენ მაინც ვერ უპასუხე კითხვას-მაშინ რა მოხდა. იმ კომკავშირმა რამდენ მედროვეს უთანაგრძნო, უგულმტკივნეულა, პოეტს გიდედინაცვლა. შენ და რცეულიშვილმა თავი რუსებს შეაკალით, ვინ დაგიფასათ? კონსტანტინე სიმონოვის ქორწილში, იმას რაღა ექორწილებოდა, ყუთით არაყი რომ აიტანე, გითხრა ირაკლი აბაშიძემ: დარჩი, საველე გამომცემლობაში ადგილს გაგიხერხებო, ჯინიანი იყავი და მაინც წინა ხაზზე ტყვიების წვიმაში წახვედი. წვიმს არა, მირზა, წვიმს, დღემდე ვერ უპასუხე კითხვას-მაშინ რა იყო?! იმათი დედაც, იმის დედაც და იმის დედაც!...“ -კარლო, ვერ დაბეჭდავ! -მადროვე კაცო! იმის დედაც, ვინც ქართველი მწერალი ულუკმაპუროდ დატოვა, მის მიმართ სხვა ბოროტმოქმედებებსაც შეუწყო ხელი, ბიწიერების სენით დასნეულებულთა დედაც! მადლობას ვწირავ 87-ე საჯარო სკოლის დირექტორს დავით ჭეიშვილს-სასწავლებელში გაყიდული, კარლო არსენაშვილის თხზულებაში არებული 100 ლარით სიკვდილამდე ერთი თვით ადრე საბოლოოდ რომ დაპურდა მწერალი, უკანასკნელად დალია შავი ღვინო. ქინძმარაულით ვადღეგრძელეთ შეგრძნება, ერთსახოვნათ რომ ეცხოვრა თურმე ჩვენში. მინდორი მწვანე. ალერდის შუა გამწილავი ფშანის ციალი. იყო ფორმა სხეულისა-გულში არ ჩაგვყვა მაგრამ გვახსოვდა სურვილი დაღლის, ბზრიალ-ტრიალი დაუქანცველი. უშორეულეს მეხსიერებით ნაქსოვ არხეს პრობლემას მწერლების ფიქრი დასტრიალებდა სულიერ განცდებით სავსე მის სამკვიდრებელში. სიგრძე სიგანით გამოიკვეთა სხვა უფსკრულიც, შედარებით თვალჩასაწვდომი, დედაღმერთების ღამარეთის, ქალდევის კალთებს როგორ სდიოდათ მიწისა თუ ხსენის ამბარი. მყოვარხანია ქალდევის მიმართ ქალდეველის მზერა სუსტია, ბარბარესადმი ბარბაროს მწერლისა. კვლავინდებურად ვფიქრობ ბაზილიკებსა და ნასოფლარებზე. ისინი ჩემთვის პეიზაჟი როდია-შთაგონების ქეიფია, სულის ხუსტურია. მაგრამ შემოქმედი, ანთროპოლოგი, აპოლონური, კეთილშობილი და ტრაგიკული, როცა გონების ძალით სიცოცხლის პრობლემას მიაყურადებს, ერთ გაზაფხულზე გაუკაცრიელებულში, სად პნევმა ჩემი გაილურსება, მისი გმირები მოვლენ, დასახლდებიან. ორღობეებში ანწლსა და გვიმრას გაჰკაფავენ, სახლებს ფათალოს შეაცლიან, წლობით გაუსხლავ ხეხილს გასხლავენ, სკოლას გახსნიან, ბაზილიკის ჩამონგრეულ კედელს აღადგენენ. კვლავ გზად იქცევა ნაგზაური, აღარ შეეკვრება მასზე გამვლელს სუნთქვა, წყაროს ჩუხჩუხი სევდას გაჰფანტავს, მეზობელი მეზობელს გასძახებს და ნასოფლარიც ახმაურდება. ჟრიამულით ნაოტი ჩემი სპეკულატიკური ფიქრი ენიგმას კუდში გაედევნება. თავდაპირველად იგი ერთობ სარწმუნოდ მოეჩვენება. იმ სახელდებად როდი, ქართველებს მესხეთის ქვაბულებში დაკარგულ მეფის ასულის გამოხმაურებად რომ დაუჭდევიათ გულზე: `აქ ვარ ძია~-ო. ეგებ „აქ ვერძია!“ ერკემალთა მასაზრდოვებელ ივლისოს ველს მესხეთში დავძებნი, სად უტანჯველი ცხოვრება ელით, მათ ელიზიუმს-თავს მახსენებს ვარძი-მამრის საკარცხლული და მიცუდდება გეში. ვუბრუნდები კახეთს. იყალთოს სასაფლაოზეა არსენაშვილის სამარის ბორცვი. იქ ახლა ალბათ ცაცხვისა და კვიპარისების სუნშერეული ჰაერი ბრუნავს. როს ყურძენში თვალი შევა, ხილვას ვით დამამუნათებს სოფელმოსურვილებული და თბილისისკენ ტუსტუსიტ მომავალი ჩემი მოხუცი იყალთუელი, ოდნავ წინწახრილი, თითქოს ასაფრენად გამზადებული, ხელდამშვენებულიც-ღვინით კი არა-რძით, ნადუღით, ცოტა კვრინჩხით და ვარდის წყალით. ვიფიქროთ ხმამაღლა!..

Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне