ნარკვევები; ლექსები; თარგმანები; გამოკვლევები; კურიოზები...

четверг, 18 июня 2009 г.

ჩვენი ლიზა ბაბო

„...მას სურდა მბრძანებლურად და სრულუფლებიანად შემოსულიყო ცხოვრებაში, როგორც სამყაროს ყველაზეკანონიერი დიასახლისი და მის მიერ შექმნილი, მის წი-ნაშე თავისი საქმეებისათვის პასუხისმგებელი მამაკაცე-ბის დედა.“
ძველი რვეულიდან
ბატონმა აკაკი გაწერელიამ ივანე ჯავახიშვილს ქართველი ერის ფაქტიური ბელადი უწოდა. გავბედავ და ქალბატონ ელისაბედს ჩვენი თაობის განსაკუთრებულ ნაწილის მოძღვარს ვუწოდებ.მასთან ისე მივდიოდით, როგორც საყდარში მიდის ნეოფიტი. ასეთ დროს ლიზა ბაბოს პატარა ოთახი მოზუზუნე სკას ემსგავსებოდა. გია ჭანტურია მისგან პოლიტიკას სწავლობდა, ირაკლი წერეთელი რუსულს, ხოლო ვუსმენდი რა ცისფერთვალა მოხუცს, თავის სევდიან თავგადასავალს რომ გვიამბობდა, მის მონათხრობში ისეთი ფაქიზი დეტალები იკვეთებოდა, ვფიქრობდი, ეს იყო ვნება რომელიც რომანს უნდა დასაძირკვლებოდა!ვინ თქვა თითქოს სიბრძნე სიამოვნების უმოკლესი გზით მოპოვებააო?! ოთხმოც წელს გადააბიჯა ლიზა ბაბომ და ბედნიერი ოთხმოცი საათი არ ჰქონია. მრავალსართულიანი შენობის ერთოთახიან ბინაში იგი თითქოს ქირით ცხოვრობდა (გარშემო მეგობრების კუბოებშემოწყობილი) ხოლო მისი ნივთები უმანკო ქალწულის ნივთებს წააგავდა.ბინადართაგან ყველას არ იცნობდა. ბაიყუშია!–ასე ამბობდნენ მასზე მეზობლები. მხოლოდ მოხუცი კელე შეუვლიდა ხოლმე.ლიტველი ქალბატონი ყველას მრჩეველი გახლდათ. მათ შორის ლიზიკოსიც. კელეს არასოდეს ავიწყდებოდა თუ ვისი ჯერი იყო იატაკის დაგვისა და სადარბაზოს მორეცხვისა. ვის სად უნდა დაებინავებინა ქვანახშირი ან შეიძლებოდა თუ არა ელისაბედსაც შეეძინა კარტოფილი. კელე ჭკვიანი ქალი იყო, მას ყველა ყველაფერს უჯერებდა.მეზობლებს მტირალა ბავშვები ჰყავდათ. კელე მათ „ცუდიცუნებს“ ეძახდა. მეზობლებისთვის ლიზიკოც „ცუდიცუნი“ იყო–ბებერი „ცუდიცუნი“.მეზობლები ცუდიცუნებს მკაცრად განიკითხავდნენ. არასოდეს არ პატიებდნენ ამ ნაკატორღალ მოხუცს, თუკი ანაზდად იატაკის მორეცხვა გადაავიწყდებოდა ან სხვა დანაკისრი. დიდი საქმეებით გადატვირთულნი მტკიცედ დააბიჯებდნენ ქალაქში და სწამდათ თავ–თავიანთი ურღვევი უფლებებისა. იგი მათ წინაშე ყოველთვის დამნაშავე იყო, დამნაშავე და ბრალდებული. მართლაც, შეიძლება არ იცოდე კაცმა, როგორ ეწყობა წესიერ ადამიანთა ცხოვრების ავან–ჩავანი.მაგრამ მაინც ის სევდიანი ღამე. ზემოდან დაგვტიროდნენ პაწაწინები. ერთი პატარა ღნაოდა კედლის იქითაც. ტიროდა და ღმუოდა ქარბუქი გარეთ, ქარბუქი (თეთრი აფთარი)–ეს ციმბირული ეპითეტია! აბორგდა ბებერი ცუდიცუნიც, შფოთვა დაეტყო, მოუსვენრობა, გააღვიძა ავდრიან ღამის ღმუილმა მივიწყებული შორეთის ჰანგები. წამოიშალნენ, შემოესივნენ მოგონებანი და იმ სულისშემხუთავ ღამის ქვითინში გაცოცხლდა ამბავი ბებერი ცუდიცუნისა, ქალისა, ვინაც განვლო წუთისოფლის ბიცი ტრამალი.ელისაბედ ქაიხოსროს ასული ქავთარაძე დაიბადა 1905 წლის 22 ივლისს. მამა: ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძე ქალაქის არქივის გამგე იყო. დედა: ოლღა იოსების ასული რომელიღაც საავადმყოფოში მოწყალების დად მსახურობდა.ლიზიკომ ბავშვობა ელიავას ქუჩაზე №11–ში ილია ჭავჭავაძის სახლში გაატარა. 1924 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა სოც–ეკონომიკური ფაკულტეტის განხრით და ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა. არალეგარული საქმიანობაც ამ ორგანიზაციის იატაკქვეშეთში გადასვლის დღიდან დაიწყო. (ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ლეგალურ მდგომარეობაში ყოფნისას მას იქ არ უღვაწია).ორგანიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას იდეურად და პოლიტიკურად ებრძოდა. უარყოფდა პროლეტარიატის დიქტატურას, რაც არალეგალურ ლიტერატურის კითხვითა და აგიტაცია–პროპაგანდიდ გამოიხატებოდა.თავდაპირველად უჯრედს, ხოლო მოგვიანებით 23–24 კაცისგან შემდგარ ქვეკოლექტივს ხელმძღვანელობდა. 1924 წლის აჯანყებამდე რაიონულ კოლექტივის წევრი იყო, დაკავშირებული შაქრო ოქროპირიძესთან და აშტამ შავგულიძესთან. მისგან მესმოდა: კუტალაძე გიორგის, მელიმონიძე საშას, გიორგობიანი ლადოს, იოსელიანი აკაკის, კაროლ ნინიძის, ამალია მშვიდობაძის და სხვათა სახელები.29 აგვისტოს აჯანყებაში იაქტიურა. სამხედრო ორგანიზაციაში კურიერის ფუნქცია იტვირთა და ლადო გიორგობიანის წერილები სამხედრო პირებთან თუ მოქალაქეებთან მიჰქონდა. სამიოდ კვირის (აჯანყების დამარცხების შემდეგ) რაიონის ქვეკოლექტივს ჩაუდგა სათავეში, ჩვეულებრივი საქმიანობა განაგრძო და ხელმძღვანელ ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა სპეც. დავალებებს ასრულებდა.რაიონის კოლექტივის ფაქტიური ხელმძღვანელის ((ოთარი) გვარს ვერ ვიხსენებ!ნ.შ.) დაბრუნების შემდეგ კოლექტივში ინტრიგა, რღვევა, გაუგებრობა იწყება. ამ პერიოდში პოლიტიკურ საქმიანობას გაეთიშა, თავს ორგანიზაციის წევრად თვლიდა, მაგრამ მოვლენებს თვალს შორიდან ადევნებდა.1928 წლის თებერვალში გოგის (გვარი არ მახსოვს! ნ.შ.) წინადადებით მარქსისტთა ორგანიზაციის რაიკომის წევრი ხდება. ინტენსიური კავშირი აქვს საზღვარგარეთის ბიუროს წარმომადგენლებთან: პარმენ ფირცხალაიშვილთან და ლორდელთან. (გოგის) ჩავარდნის შემდეგ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარეა. გოგისთან ერთად დაატყვევეს ორგანიზაციის სტამბა. კომიტეტი ფაქტიურად მკლავმოჭრილი დარჩა. 26 მაისი ახლოვდებოდა. ლიზიკომ სტეკლოგრაფი საკუთარი ფულით შეიძინა (მამამ დააფინანსა) თუმცა დანადგარის ტრანსპორტირებისათვის სახსარი არარ ეყო. საჭირო იყო თანხა, ბევრი არა მაგრამ მაინც თანხა.სამარადისო ხსოვნა რესპუბლიკელებისთვის შესაშურ საპოლიტიკო ქველობის საუცხოო მაგალითის მომცემ ადამიანს, სიკეთის მსახურს. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თურმე სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი იდგა. ლიზიკო გაბედულად მიახლოვებია და მისთვის ფული უთხოვნია.–ფული! საჭიროა ფული! მომეცით გეთაყვა ფული!იმ უცნობს ფული გულის ჯიბიდან ამოუღია და დაუთვლელად გაუწვდია პატარა გოგოსთვის.–მისამართი! მომეცით მისამართი!–არ არის საჭირო მისამართი, ყველა ვალდებულია! მიუგო თურმე უცნობმა მამაკაცმა.მარტომ იმუშაკა. ფურცელი დაბეჭდა და პროკლამაციები პირველად ოპერისა და ბალეტის თეატრის იარუსიდან პარტერში 26 მაისს გადაყარა. შემდეგ ატირებული დერეფანში გაიქცა.ატირებულს მამაკაცი მიუახლოვდა, ცრემლიან თვალებში ჩახედა, შუბლზე აკოცა, გულზე მიიკრა, დაუყვავა და ანუგეშა:–„ნუ გეშინიან პატარავ! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ ის კაცი გრიგოლ რობაქიძე გახლდათ და ვით იფიქრებდა, გულში ჩაკრული ჰყავდა გოგო, ვინაც, (თუმც უკანასკნელი ორი წლის მანძილზე სახლიდან თითქმის აღარ გადიოდა) ალბათ ერთადერთი ქალბატონი იყო საქართველოში, მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, 28 ოქტომბერს, მწიფობის, გრიგოლის დაბადების დღეს ანდერძს პირნათლად უსრულებდა მწერალს და ვიდრე პირში სული ედგა, ყოველწლიურად სვეტიცხოვლის ტაძარში, იმ პაწია სალოცავის წინ, სანთელს უნთებდა.გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ მიზნით ეწვია მცხეთას და ჯვარზე ასვლაც მოისურვილა. იქ გადაიღო უკანასკნელი ფოტო. სურათი მის კუბოს წინ მიუძღოდა.გოგონას, ვისაც შეეძლო ხელოვნების ნებისმიერ სფეროში ეცადა ბედი, და არა მხოლოდ. თუკი მეტაფორულად ვიტყვით–ოთხივ მხრივ შეებრუნებინა ცხენი, რომელზედაც ამხედრებულისათვის ოვაციას არ იშურებდნენ მისი თანაკატორღელი ქალები: „грузынка! теперъ вы настоящая грузынка!“–ახალგაზრდა მარქსისტულ ორგანიზაციაში წევრიანდება და მალევე კიდეც ხელმძღვანელობს აღნიშნულ საძმოს.მას შეეძლო ბრწყინვალე იურისტიც გამხდარიყო. ლუარსაბ ანდრონიკაშვილის საუკვეთესო მოწაფე გახლდათ და ბატონ ლუარსაბს ეიმედებოდა რომ ეს გოგონა იურისპრუდენციაში დიდ ტვირთს ასწევდა. დაავალა კიდეც არდადეგებზე რომელიღაც თემაზე ეფიქრა, თავის ბიბლიოთეკიდანწიგნები გაატანა და სოხუმში, აბხაზეთის უმაღლეს სასამართლოს კოლეგიაში (მოვარჯიშის სტატუსით) მიავლინა.გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ლიზიკოს შეატყობინეს–პოლიცია ეძებდა. ოჯახის წევრები რომ არ აეფორიაქებინა, ამჯობინა სხვა ქალაქში აეყვანათ და სოხუმში გამგზავრება დააჩქარა. წიგნები უკან მიუბრუნა საყვარელ მასწავლებელს, მოუბოდიშა, დაწყებული თემა ვერ გავასრულეო! მიზეზიც გაუმხილა.იმ სულცხონებულს განსაკუთრებულ წუთებში სკამის საზურგეზე ჩამოჯდომა, მოხრილ მუხლისთავებს შორის ტაშად შეკრული ხელების მომწყვდევა და დაჟინებული მზერა სჩვევია. ბატონი ლუარსაბი ახლაც ასე მოქცეულა, შემდეგ მერხიდან დაქვეითებულა, მოსწავლისთვის შუბლზე უკოცნია და ამ სიტყვებით დაულოცნია: „чтожъ малышъ? любишъ кататся - люби и саночки насить!“მოსწავლე და მასწავლებელი ერთურთს აღარასოდეს შეხვედრიან.1928 წლის ზაფხული. ლიზიკო სოხუმს გაემგზავრა. მატარებელში აგონდებოდა თავისი მოხუცი ლექტორი, რომელსაც (მისი სიტყვებია) ასე უმადურად მოექცა.სოხუმში კომკავშირის ქუჩაზე ბინა იქირავა. სასამართლოში მოვარჯიშედ მსახურობდა და ჟამ–ჟამად თავის მეგობარს, სანატორიუმ „აზრა“–ს ხელმძღვანელ, ვინმე კარა მურზას სტუმრობდა.ივლისის თვეში სანატორიუმში ერთი ახალგაზრდა დაბინავდა. კარა მურზას დაუახლოვდა და ბუნებრივია ლიზიკოც გაიცნო. ნაცნობობა საბედისწერო არმოჩნდა. ლიზიკო კარა მურზას ენდობოდა მაგრამ რა აფიქრებინებდა, ის ყმაწვილი, თავი უცხოელ ჟურნალისტად რომ გააცნო და დაარწმუნა, კაუცკის პირადად იცნობდა, ვილიამ სპერო (სპირუ ვასილ ლევანის ძე) რუმინეთში დაბადებული გერმანელი, 1919 წლიდან რუმინეთის დასავლეთის უნივერსიტეტის კომპარტიის ხელმძღვანელი იყო. იგი რუმინეთში პოლიტიკურ საქმიანობისათვის კიდეც გაესამართლებინათ და ორი წლით თავისუფლებაც აღუკვეტავთ, მაგრამ 1927 წლიდან მოსკოვში გადმობარგებულიყო და რომელიღაც უნივერსიტეტში პროფესორის ხარისხით მსახურობდა.სპერო ლიზიკომ 15 ივლისს გაიცნო და უცხოეთის ჟურნალ–გაზეთებისათვის მასალას შეჰპირდა. უთხრა: თუკი საბჭოთა კავშირი იმპერიალისტებთან ომს დაიწყებდა, კავკასია აჯანყდებოდა. რომ ამისთვის მზად იყო ჯარი და მეთაურთა მთელი შემადგენლობა. თვით მთავარსარდალიც. არუთქვა მასალა იმ 250–მდე ადამიანზე, ვაგონში რომ დაცხრილეს როგორც აჯანყების მონაწილენი. უამბო პერსონალურ ტერორზეც, რომ მისი მეგობარი სტუდენტი, „ცაკ“–ის წევრი ქეთო იამონიძე ჯერ დაასახიჩრეს და მერე გააციმბირეს. ბერციაშვილს, აგრეთვე „ცაკ“–ის წევრს თმები ღერა ღერა დააგლიჯეს. დაპატიჟა თბილისში: ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს გაგაცნობ. იაშვილი რატიშევის ქუჩაზე ცხოვრობს და ისინი ბევრ მასალას მოგაწვდიან იმ ტერორზე, ამიერკავკასიაში რომ ხორციელდებაო. კიდევ ვინმე გოგიბერიძე უხსენა, პასუხისმგებელ თანამდებობაზე რომ მსახურობს და 25 ქალის დახვრეტას ხელი არ მოაწერა რადგან მათ შორის მისი ცოლის დაქალი იყო დასახელებული. რომ იცნობს აგრეთვე ივან სიმონის ძე რიშოვს და გროჩ კალანდაძეს, ამ უკანასკნელს ბორკილები დაადეს და გადაასახლეს; დაკავშირებულია ვინმე ნინიძესთან და ჩუზესთან, ისინი მარქსისტებს ხელმძღვანელობენ... წელი არ გავა ორგანიზაციის შვიდამდე წევრი არ გაგიჟდესო და სხვა.როგორც მოსალოდნელი იყო სპერომ დაასმინა. 1928 წლის 16 აგვისტოს აბხაზეთის სახელმწიფო პოლიტიკური სამართველოს თანამშრომელმა კაზლოვსკიმ დააპატიმრა, 17 აგვისტოს დაჰკითხა, გერმანელებისათვის საქართველოში ტერორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბრალად დასდო და 58/11 მუხლით სასამართლომ სასჯელად სამი წლით გაციმბირება მიუსაჯა. გაციმბირებამდე მეტეხის ციხეში დაატუსაღეს.146–ე საკანში ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ვერა ასათიანი დაუხვდა. ლიზიკოს გადმოცემით მას ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის ამომავალ მზეს ეძახდა. ერთ ღამეს თურმე ვერამ ვერ დაიძინა. მეტეხის სატუსაღოს სარკმლიდან ვარსკვლავიან ცას გაჰყურებდა და წუხდა: „ვარსკვლავებს უკანასკნელად შევცქერიო“. გამთენიისას საკნიდან გაუყვანიათ. ლიზიკომ, რომ გაეგო თუ რა ბედი ეწია მის თანამოსაკნეს, საჭმელზე უარი თქვა. 10 დღე იშიმშილა. ერთხელ მითხრა: – ის ათი დღე დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ კითხვამ გადამატანინაო. ვერას ასავალ–დასავალი მაინც ვერ შეიტყო.1929 წლის 6 აპრილს გზას გაუყენეს. ქალაქ ტომსკიდან 350 კმ–ით დაშორებულ სოფელ კალპაშოვოსკენ. მისჯილ სამ წელიწადს 1931 წლის 3/X თვეს კიდევ სამი წელი დაუმატეს.თბილისში 1936 წელს დაბრუნდა. პირველ ყოვლისა მეტეხის ციხე და თავისი 146–ე საკანი მოინახულა. შემდეგ რუსთაველის გამზირს გაუყვა.ლაღიძის წყლებთან ერთი ახალგაზრდა მეორეს გამეტებით სცემდა. მიეჭრა მოძალადეს: „რატომ სცემ! ის ხომ თავის სამშობლოშია! თავის ქვეყნის ჰაერით სუნთქავს,–რატომ სცემ!“ამ ამბის შემსწრე გამვლელ გამომვლელი გაკვირვებულა. ამგვარ სიტყვებით წაკიდებულთა გაშველება გინახავთ?1940 წლის 15 მაისს კვლავ შეიპყრეს. მასთან ერთად გადასახლებაში ნამყოფი რამდენიმე პირი დაატყვევეს. მათგან მხოლოდ მარტენ ხურციძეს იცნობდა. გამომძიებელი რუხაძე ყოფილა.დაპატიმრების მიზეზი ლიზა ბაბომ ვერ ამიხსნა. თავადაც არაფერი იცოდა. უმოწყალოდ სცემა რაფავამ.საბაბი მისი დატყვევებისა ალბათ რეპრესიების წლები უნდა ყოფილიყო. შეუმჩნეველი როგორ დარჩებოდათ ადამიანი, ვისი მიზანიც უსამართლობის სიმართლედ, სიყალბის ჭეშმარიტებად ქცევა იყო.ზეპირვციტირებ წერილს რომელიც მან პროტესტის ნიშნად მისწერა გამოძიებას: „გულახდილად ვაცხადებ! მე რწმენით კომუნისტი არ ვყოფილვარ და არც ვარ. ჩემს თავს კარგა ხანია ავუკრძალე ყოველგვარ პოლიტიკურ საკითხზე ლაპარაკი. არავის ხელს არ ვუშლიდი ჩემი რწმენით. მე მქონდა ჩემი რწმენა და ამიტომ 1928 წელს ჩემს დაპატიმრებასა და მისჯაში არ გედავებით, რადგან ჩემი მოქმედება საბჭოთა ხელისუფლების წინაარმდეგ იყო მიმართული. ამასთან უნდა განვაცხადო რომ მე ვიყავი მაშინ 22 წლისა და თუ მარქსიზმი ვერ გავიგე, ამისათვის არ უნდა დაგესაჯეთ.“კვლავ გადაასახლეს ყაზახეთის სსრ, ქალაქ აკმოლინსკში და ახლა უკვე 8 წლით.„ქალების ერთი ნაწილი აკმოლინსკში ჩამოგვსხეს. დანარჩენებს გზა უნდა გაეგრძელებინათ სასჯელის მოხდის სხვა, მომდევნო ბანაკისაკენ. იქ კი კარიერი იყო და მათ მართლაც კატორღული შრომა ელოდათ. ბაქანზე ჩასულთ ასე ვთქვათ ბედმა გაგვიღიმა. ვერ გადმოგცემ ნოდარ, თუ როგორ გვიყურებდნენ ისინი.“აქ როდი ვარღვევ თხრობის ქრონოლოგიურ ძაფს.არ შემიძლია არ აღვწერო ერთი შემთხვევა, რომელიც ვფიქრობ მკითხველს ვერ მოღლის. აკი მინდოდა თქვენთვის სევდიანი ამბავი მომეთხრო.ცხოვრობენ ჩვენ გვერდით ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირ ჯამბაზურ მოხერხებულობით თუ ჩემთვის უცნობი მაგნეტიზმით, გარშემო შემოიკრებენ მათივ შესაქფერის დონის, ინტელექტის ადამიანებს. ასეთი კრებული ხშირად ჭკვიანს დასცინის. აქვთ სატანური უნარი–სული გაუყინონ მას. მოსპონ და გაანადგურონ იგი. მათი ამქვეყნიური ყოფა არაფრით არ არის გამართლებული გარდა თავიანთივ ნებისა, იყვნენ ისეთნი, როგორებიც არიან.საბრალოა ნიჭიერი კაცი, უმწეოა მისი მსტოვარი სული ამგვარ გარემოცვაში და თვით წიგნიერთაგან სვეგამწარებული ეს ისტორიის მსხვერპლი–უმეცრების, შავი მენტალიტეტის და ინტელექტის რეაქციონერების ხროვაში რა დღეში ჩავარდებოდა?..ჯერ ისევ მატარებლით მგზავრობისას ერთი ასეთი გუნდის მეთაურმა ლიზიკოს დასცინა. ესეც თავის მხრივ რევანშისთვის მოემზადა ხოლო უკვე ბაქანზე ჩასვლის ჟამს, როცა იმ ქალბატონმა თავის ასაბიის გასაგონად დაიკვეხნა: მე ყველგან დაფნის გვირგვინით მხვდებიანო, ელისაბედმა მოუჭრა: მთავარია დაფნის გვირგვინით გაგაცილონო.ბევრი ჩვენგანი უხამსობას თვალსა და გულს არიდებს. ლიზიკო პირიქით, იწვევდა მას და მთელი არსებით ებრძოდა. მე მასში ერთგვარ სალდათურ სიტლანქესაც ვხედავდი, რაც ალბათ საამისოდ კიდეც ადგებოდა. ლიზიკო ლიზიკო არ იქნებოდა თავდამსხმელზე შური რომ არ ეძია და ის რეპლიკა როდი აკმარა. რამდენიმე დღის მერე აკმოლინსკში ჩასვლიდან სასადილოში განგებ მხარი გაჰკრა და მაგიდისკენ ციმციმ ნატარები კერძი ხელიდან გააგდებინა.იმჟამინდელ ქალთა ბანაკში სახიფათო ყოფილა დაძინებამდე ვინმე ერთ–ერთის საწოლთან რამდენიმე ქალის შეკრება და უცაბედი, ხმამაღალი აკისკისება. ეს ნიშნავდა თურმე რომ შურისძიებისთვის ემზადებოდნენ და მსხვერპლს უნდა ეფხიზლა, მაგრამ ყველა არაა ეული და მითუმეტეს უშიშარი სული და გონება. ის ღამე ლიზიკოსთან ერთად ლოლა კინსაც გაუთენებია, ჩინეთში საბჭოთა კავშირის მაშინდელ ელჩის, იაშა პიკის გადასახლებულ მეუღლეს ხელში სასადილოდან წამოღებულ ჩანგლით თუმცა მტრებს სამაგიეროს მიზღვა გადაუფიქრებიათ და ურთიერთობის ამინდს გამოუდარებია. ლიზიკო და ლოლა კინი კი იმ ღამით დამეგობრებულან.ის ლოლა კინი იქ, შორეულში, ლიზიკოზე მშობელივით ზრუნავდა, ულუფასაც კი უნაწილებდა თურმე, ხოლო როცა ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და თავ–თავიანთ ოჯახებში წავიდ–წამოვიდნენ, ქართველ მეგობართან სტუმრად ხშირად ჩამოდიოდა.ერთ–ერთ მორიგ სტუმრობისას მოხუცმა მასთან მოიჩივლა: „ქართულად ბალზაკიც არაა თარგმნილი“–ო.ლოლამ მიუგო: „ваши ребята Балзака прочтут и на русском языке!“ფრაზა საკმარისი გამოდგა რომ მასპინძელს მეგობრისთვის თვითმფრინავზე ბილეთი აეღო და თბილისიდან ახლა უკვე სამუდამოდ გაესტუმრებინა.როდესაც ეს გვიამბო, ირაკლი წერეთელი განცვიფრდა:–კი მაგრამ, ბალზაკის გულისათვის მეგობარი ვით მოიძულეო?!როგორ! ეს ხომ პრინციპის საკითხია! პასუხის გაგრძელებას აპირებდა მაგრამ წამით შეყოვნდა, დაფიქრდა, მერე ფრინველის მზერით წერეთელს შეხედა, მისკენ გადაიხარა და უთხრა: იცი, შვილო! შენს თაობას პრინციპი არა აქვსო...გადასახლებაში ლელქაშს აჭრევინებდნენ პატიმარ ქალებს. აჭრილს ისინი ძნებად კრავდნენ და გზასთან გაჰქონდათ. თავწასხეპილი, მიწიდან ამოჩრილი მცენარის ძირები ძნის გზამდე გატანაში ხელს უშლიდათ. იფიქრა: რატომაა პირუტყვი უფრო ძლიერი ვიდრე ადამიანი? კითხვას პასუხი იქვე გასცა: როგორ თუ რატომ?! მას ხომ ოთხი ფეხი აქვს!მოზრდილი ძნა შეჰკრა, ოთხზე დაეცა და იფორთხა, გზამდე მიიტანა, დაღლილი მაგრამ მაინც კმაყოფილი შემობრუნდა, ლელქაშს ზურგით მიეყრდნო და რას ხედავს:–უკლებლივ ყველა, დაახლოებით ორასი ქალი ოთხზე დაცემულა და...ახლავე ადექით! თქვენ ხომ ადამიანები ხართ და არა მხეცები! ეს მისი პირველი ისტერიკა იყო.მას და მის თანაპარტიელებს, მისებრ გადასახლებაში ნამყოფთ აზრადაც არ მოსვლიათ ერთი გვერდი, ერთი სტრიქონი მაინც დაეწერათ თავ-თავიანთ ბიოგრაფიაზე რასაც სხვა ხალხი სიამაყით აკეთებს.„ერთხელ უზომო რაოდენობის მატყლი მოიტანეს. პატიმარ ქალებს უნდა გაგვერეცხა. ერთ ვეება ბორცვს პირქვე დავემხე და ჩავეხვიე. ვდუდუნებდი: ეს ხომ ჩემი სამშობლოს ცხვრის მატყლია, საქართველოს იალაღებს რომ ეფინებიან. უეცრად ქალების კივილმა გამომარკვია. ვხედავ–წაიქცა ერთი, მეორე, მესამე...თურმე მძორი გაეკრიჭათ და სუნი საწამლავი იყო თუკი ოდნავ დაყნოსდი. მე ხომ ხარბად შევისუნთქე. ამან გადამარჩინა“...მინახავს პორტრეტი ერთი ცნობილი პიროვნებისა. იგი მხატვარს გერგეთის სამებისა და მყინვარწვერის ფონზე დაუხატავს. პრეტენზიული სურათია!მხატვარი რომ ვყოფილიყავ, ლიზიკო ქავთარაძეს ერთმანეთში ჩახლართულ მთების ფონზე დავხატავდი და მამულის მისეულ განცდას, სამშობლოს სიყვარულის ძალუმად შეგრძნებას, ჩვენი მოხუცი დობილის პატარა სხეული რომ იტევდა–ამგვარად ვცდიდი.მისჯილი 8 წელი ჰქონდა თუმცა ხრუშოვის ამინისტიამდე სამშობლოში ვერ დაბრუნდა. გადასახლებაში მან ცხოვრების თითქმის მესამედი გაატარა.გონებაც სხეულივით ბერდებაო–წერს არისტოტელე.საოცარია! იგი მომაკვდავი მინახავს მაგრამ დაღლილი არასოდეს. ის ბობოქარი ტემპერამენტი, რომელიც არ მარცხდებოდა და უკან არ იხევდა როგორც რელიგია, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის მერე გორბაჩოვის ხელისუფლების პირველი მოწვევის დელეგატმა, შორეულ აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერმა, ევდოკია გაერმა გამახსენა. ჩემს წინ გაერის სახით ლიზა ბაბო იდგა და სამყაროს ეჩხუბებოდა. იქნებ რელიეფი კიდეც განაპირობებს აზროვნებას თუ ნააზრევის გამოხატვის პათოსს, მან ხომ შორეულში თითქმის მესამედი დაჰყო თავისი ცხოვრებისა.როგორც ზემოთ ვთქვი, გოგონა, ვისაც შეეძლო ხელოვნების ნებისმიერ დარგში წარმატებულად ეღვაწა, სტუდენტობის წლებიდანვე სამყაროს რეორგანიზაციის მარქსისტულ გეგმით დაინტერესდა და კაცობრიობის კლასობრივი სახელმწიფოებრიობის მაგარი ხუნდებისაგან გათავისუფლება ეოცნება. და მეც, ისტორიისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი, მისი ისტორიაზე დამოკიდებულების მიზეზით დავინტერესდი. მანაც თავის მხრივ პოლიტიკისთვის თავშეწირულობის გამართლება სცადა და ამ საკითხზე ერთხელ ასე იმსჯელა:ნოდარ! ეს შეგნება ხშირად მოგვიანებით იჭრება ადამიანის გონებაში. ხელოვნება კარგია მაგრამ შეზღუდულია. იგი არც შინაარსითა და არც ფორმით მაინც არ არის აბსოლუტური და უმარლესი წესი, რომლითაც გონებამ თავისი ჭეშმარიტი ინტერესები უნდა ცნობიერჰყოს.დღევანდელმა ადამიანმა შორს მოიტოვა ხელოვნების ნაწარმოებთა თაყვანისცემა–გაღმერთების ხანა. დღევანდელი მსოფლიო გონისთვის ჭეშმარიტება სულ სხვა რამაა და გრძნობადს იგი აღარ ენათესავება და არც ემორჩილება. კულტურა ადამიანის უმაღლეს მოთხოვნილებას ვეღარ აკმაყოფილებს. უნდა მოწესრიგდეს ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრება, კერძო ცხოვრება, საყოველთაო ფორმები, კანონები, უფლებები, მაქსიმები.–კი, მაგრამ, ხელოვნება ხომ ბევრად უფრო ღვთიური საქმეა ვიდრე პოლიტიკა?–მისმინე საძაგელო! (ხანდახან ასეც მომმართავდა)–როდესაც მე წარვსდგები უფლის წინაშე, ჩემს პატარა ხელებს მუშტებად შევკრავ და მოვუთხრობ მას თუ როგორ უღვთოდ იტანჯება ქვეყანაზე ადამიანიო.ისე არ გამიგოთ თითქოს იგი ინტელექტუალურ ენერგიის მნიშვნელობას უარყოფდა. პირიქით, ასე მე ვფიქრობდი ხოლო ერთხელ, როდესაც მისი ინტელიგენციისადმი გაზვიადებული სიყვარული „მსუყე ნამცხვრად“ მოვნათლე, “ბოლშევიზოიდი“ მიწოდა და მცირე ხნით კიდეც შევძულდი.არიან ამ ქვეყნად სტიქიური ფენომენები, გვხვდებიან სტიქიური ადამიანები. ლიზიკო ქავთარაძე სტიქიური ადამიანი გახლდათ. მასში ცოცხლობდა ქალღმერთ აგენორეას მხნეობა და ენერგია; ქალღმერთ ათენას სიბრძნე, წმინდა გონება, მარადი უბიწოება და ქალღმერთ თემიდას სიმართლე და მოუსყიდველობა. ნუ ჩამომართმევთ ამ სტრიქონებს რომანტიკულ გადაჭარბებად. უბრალოდ დიდი იყო ამ ქალის სულის ძალა და იშვიათად თუ განიცდიან ადამიანები იმას, რასაც ჩვენ მასთან სიახლოვით განვიცდიდით.მარქსიზმი ვგონებ არც თი ხეირიანად გაეგებოდა. მაგრამ ჰერაკლიტეს აფორისტიკის, ადრეულ და მკაცრი მატერიალიზმის პერიოდის დროინდელ ქალს მართლაც ჰგავდა. პროტაგორას წლებში რომ ეცხოვრა, ხალხთან მოედანზე სიტყვით გასული თუ გიმნაზიებში და დასასვენებელ ბაღებში შეჭრილი რომელიმე სახელგანთქმული სოფისტი იქნებოდა.იქნებ სოფისტი ფილეა, საკუთრების გაუქმებასა და კოლექტიურ მეურნეობის შემოღებას რომ ქადაგებდა; ანდა კონტრრევოლუციის მეთაური კრიტია, რელიგიის შესახებ რომ ამბობდა: იგი გონიერმა სახელმწიფო მოღვაწემ გამოიგონა რათა ათასნაირი ღვთაებრივი სასჯელის საშუალებით ხალხი მორჩილებისა და ყურმოჭრილებისათვის მიეჩვიაო. თუ სოფისტი ალკიდამა, ვისი ხმაც ჩვენამდე აღწევს–ღმერთმა ყველა თავისუფალი გააჩინაო!რაზედაც არ უნდა ემსჯელა, სოციალი მსჯელობის პრედიკატი გახლდათ. მე ყოველთვის მშურდა მისი რწმენისა და ენერგიის, მიმართულის ადამიანების ღირსეულ მოქალაქეებად ქცევისკენ. მათი ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდა, ხალხში ახალ მორალის, ახალ ფსიქოლოგიის, ესთეტიკის დანერგვის ცდა, საზოგადოებისთვის სამოქალაქო სათნოების სწავლება მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი იყო. მახსენდება ერთ-ერთ იშვიათ და მდაბიურ გვარზე როცა ვთქვი-გამოუსვლელი გვარია მეთქი, თავი ჩაჰქინდრა და მწუხარე ხმით ჩაიდუდუნა: გამოვლენ! ეგენიც გამოვლენ!და თუმცა მის გვარს ნომინალურად ჯერ კიდევ შერჩენოდა აზნაურთა ტიტული,–არ იყო მეოცნებე ტანთხელთა ხელისუფლებაში მოსვლისა.ეს მერამდენედ მის თვალწინ კვლავ ყალიბდებოდა მიწის მფლობელთა არისტოკრატიული კლასი. კვლავ სახეზე იყო სუბიექტისა და ინდივიდუალობის კულტი, ფულის მქონეთა სოციალური ინტერესები და შიშობდა, ისინი კვლავინდებურად ალაგმავდნენ დემოკრატიას, ხოლო სამშობლო მუდმივ ომების ასპარეზად გადაიქცეოდა.არისტოკრატიულ სახელმწიფო წყობილებას უთანასწორობის სულისკვეთებასთან ერთად ფულის და უფლის სიყვარული ახასიათებს. იქნებ სწორედ ამიტომაც სძაგდა მას რწმენაზე სიტყვის ჩამოგდება, რადგან იცოდა, ხელს ბორკილი კვლავაც შებოჭავდა და მისი მწარე მარტვილობა უფლებას აძლევდა სისხლიანი თამასუქები წარმოედგინა.მე კი, მე მახსოვს ჩემი განცდა. არცერთი სახელმწიფო ფორმაცია არ ჰპირდება ადამიანს ამ ცისქვეშეთში უნისლო ცხოვრებას. მართლაც და რა მნიშვნელობა აქვს მონათმფლობელობა არისტოკრატიული იქნება თუ დემოკრატიული. პარტიული სხვაობა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის ხომ ესაა. თუმცა მაინც უზადო იყო ჩვენი მოხუცი დობილის აზრები ისევე, როგორც უზადო გახლდათ ქერონეაში დემოკრატიისათვის აღმართული კუნთმაგარი ლომის ქანდაკი.კი, იყო რევოლუციური ეპოქა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. სიტყვისა და მოქმედების მოთხოვნილება. ახალ ფსიქოლოგიის დანერგვის სურვილი და პარტიაც თავისი ისტორიული როლით, თუმცა ახლა სულ სხვა ემოციის სათავე, სულ სხვა წინააღმდეგობათა ფოკუსი მინდა ვეძებო.არ ვიცი, რატომ მექცა საჯილდაო ქვად მიღებულ ემოციის გალოგიკურება.იქ, ილიას სახლის ვესტიბიულში ორი დათვის ფიტული ყალყზე შემდგარა–ერთი დედაა, მეორე ბელი. დედას დათუნას ეძახდა, პატარას–დოჩას. დოჩას წინგაშლილ თათებში ვერცხლისფერი ლანგარი უჭირავს. სინის დანიშნულება–სხვადასხვა საფოსტო გზავნილები.წერილს ხშირად წერდა და მუყაოს ხონჩაზე დებდა. ადრესატები მშობლები იყვნენ–განსაკუთრებით – მამა.ხომ ბევრი ირჩევს მისაბაძად ცოცხალს ან უკვე გარდაცვლილს. ის სუბიექტური თავისებურება თუ ცხოვრების ძირითადი მიზნის მიზეზი, მისივ თხზულების „პირველი თოვლი“ ეპილოგმა მიკარნახა, რაც ალბათ ბევრი ჩვენგანის, მისი ახალგაზრდა მეგობრების, ამ გაუხარელ ათწლეულის, ან ცოტა მეტით განადგურებულ გოგო–ბიჭების ცხოვრებათა ეპილოგადაც გამოდგებოდა.მამის გზით სვლა გახლდათ მისი სუბიექტური თავისებურებაც და ცხოვრების ძირითადი მიზანიც.“ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება ახალ ქვეყანაში, რომელიც ორად გაიპო ჩემთვის. იქ, კი, შორეულ პერსპექტივაში მამა მიდიოდა, სულ, სულ პატარა წერტილად ჩანდა, ხან კაშკაშდებოდა, ხან კი ილეოდა და უკვალოდ იკარგებოდა.ილიას სახლის ანდერძით, მამისა და მამის სტუმრების გულში ჩარჩენილ გზნებით, დაკარგულ მეგობრების სულში ჩაკირულ რწმენით განვლე და გავასრულე ჩემი ცხოვრების ყამირი გზები. შემინდოს მოძმემ, ჩემმა ქვეყანამ და მომავალმა“ზემოთ ვთქვი რომ ბევრი ჩვენგანი მიბაძავს ცოცხალს ან უკვე განსვენებულს. ემოციის სათავეს, რამაც იგი პოლიტიკაში ჩააბა, ფოკუსს სულიერი წინააღმდეგობებისა სხვაგანაც დავძებნი!მესამე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურას ქალბატონი ანნა ასწავლიდა. იგი არავის არასოდეს არ უწერდა ხუთიანს. ალბათ ფიქრობდა რომ ამ მაღალ შეფასებას არც ერთი მათგანი არ იმსახურებდა. მაგრამ სასწაული მაინც მომხდარა. ერთხელ ქალბატონმა ანნამ საშინაო დავალებად მოსწავლეებს თავისუფალი თემა „პირველი თოვლი“ მისცა. ორიოდ დღის შემდეგ ლიზიკოს მიერ დაწერილი თემა მასწავლებელს კლასისთვის ხმამაღლა წაუკითხავს და მრავალნაირად ჩასწორებულ ტექსტის ბოლოს ვეებერთელა მინუსით ვეება ხუთიანი ჩაუხატავს.თავისუფალი თემის შინაარსი–ავტორის ბავშვობისდროინდელი ბურანი, მას, ჯერ კიდევ 5 წლის ბავშვს ესიზმრა, თითქოს მათ ლამაზ სახლში იდგა და გაავებული შესცქეროდა თუ როგორ თრთოდნენ, იწვოდნენ და იკლაკნებოდნენ ალმოდებული წიგნები.და ჯერ კიდევ 5 წლისამ სულ სხვა გრძნობა შეიცნო, რომლის სახელიც გაცილებით გვიან გაიგო. წერდა: „უცნობებმა მამა სადღაც წაიყვანეს, სულის შემხუთველად ბნელ კარადაში ვიმალებოდი. ხელს უქმად შემორჩენოდა მუყაო, მას ვეღარავის მივცემდი, ბარათს აღარავინ ელოდებოდაო“როცა სიზმარი აუხდება, იგი პირველად არ მოინდომებს ადამიანის სახის დანახვას. ღრძოდ და ბოროტად არ უსურვებს მშვიდობის დილას. იმ დღეს პირველად აიტაცებს შურისძიება და ხარბად მოსწყურდება ფეხქვეს გათელვა იმათი, ვინც სიხარულს ჩააქრობს მათ ლამაზ სახლში.მაგრამ ეს ყველაფერი ჯერხანად მხოლოდ წინათგრძნობაა, ამ თითისტოლა გოგოსი, ვის მიერაც დაწერილ თავისუფალი თემის შინაარსმა, მისმა ბუდიდან ამოვარდნილ ბარტყივით თრთოლვამ თურმე ღიმილი მოჰგვარა მასწავლებელს–ქალბატონ ანნას.მოგვიანებით, როცა იგი იმდენი წლისა გახდება, რამდენისაც იქნებოდა ქალბატონი ანნა, მისი 12 წლის მოსწავლის თავისუფალ თემას კლასს ხმამაღლა რომ უკითხავდა, მან უკვე იცის თუ რას განიცდის ტუსაღი დილეგის ყრუ ერთეულში, როდესაც ზევით, შორს ამოჭრილ სარკმელში, ასე უღვთოდ ხელშეუწვდომში რიკულებს შორის სხვივი შეიპარება და უეცრად საკნის ნაცრისფერ ქვაზე აციალდება, ხოლო წუთიერი გასრიალება სხივისა სასოწარკვეთას ააფეთქებს მიტოვებულ საკირესავით გადამწვარ გულში.ღიმილი მოჰგვარა თურმე ქალბატონ ანნას თავისუფალი თემის შინაარსმა. რომ მისი მოსწავლე ბუდიდან ამოვარდნილ ბარტყივით თრთოდა, რადგან მას, 5 წლის ბავშვს ცუდი სიზმარი ესიზმრა, რადგან კარადა სულისშემხუთავად ბნელია. რომ კარადის იქით უსახო სახე წყვდიადზე უფრო საზარელია.მაგრამ მაინც, ის სევდიანი საღამო, ზემოდან კვლავ დაგვტიროდნენ პაწაწინები, ერთი პატარა ღნაოდა კედლის იქეთაც. ტიროდა და ღმუოდა ქარბუქი გარეთ. ქარბუქი (თეთრი აფთარი) ეს ციმბირული ეპითეტია! ბორგავდა ბებერი „ცუდიცუნი“, მოუსვენრობდა, შფოთავდა, კედლებს აწყდებოდა. ხრჩოლავდა პაპიროსი მისი პირველი ხელფასით ნაყიდ, ერთ კიდეზე მგელწამოწოლილ თეთრი მარმარილოს საფერფლეში. და იმ კაეშნიან საღამოს, დროთაგან მოყრილი შორს გაცილებულიყო წლოვანებას, რა ხნისაც ქალბატონი ანნა იქნებოდა, მისი თორმეტი წლის მოსწავლის თავისუფალ თემას კლასს ხმამაღლა რომ უკითხავდა.არა! არ ქცეულა შუქურად მისთვის ის ხუთიანი, მაგრამ იქ, შორეულში, ყოფნა–არყოფნის მიჯნასთან მისული, არა სხვა ვინმეს, არამედ მისი საყვარელი მასწავლებლის სიახლოვეს ნატრობდა. და სადღაც გულის სიღრმეში, სულ მიკარგულში, ბუნდოვანად უკრთოდა ოცნება, რომ ხელს ჩაჰკიდებდნენ ერთმანეთს და წავიდოდნენ ის და მისი მასწავლებელი. სად? თავადაც არ იცოდა სად! ალბათ უმშვენიერეს მხარეს, სადაც სინათლეც სხვაგვარია, სრულიად ჩუმად, ბუნდოვანად, უანგარიშოდ იგი ამ დღესასწაულს ელოდებოდა.ვინ იცის, კიდეც ნანობდა რომ ჯერ ისევ პატარა გოგო ჩაება პოლიტიკაში და იმ დროს, როცა რომანტიკოსი უნდა ყოფილიყო, საშინელ რეალიზმს შეეჩეხა. იქნებ არ მოელოდა წუთისოფლისაგან იმას, რაც მას საწუთრომ აგემა. არა! ოცნების სინამდვილესთან დაახლოვება მას არ უცდია. მისი გონება რომენტიკული იდეალების თუ ეფემერული სახეებისაგან შორს მდგომი გონება გახლდათ. წლები წარილტვნენ და ვიცი, უკვე მოხუცი, სამშობლოს წინაშე თავისი ქალური მოვალეობის შეუსრულებლობის, უშვილძიროდ დარჩენის საშინელ განცდასაც მკოეცვა. ხოლო გრძნობას, რომ მთელი ქვეყნიერების ასამოძრავებლად სული კვლავაც ერჩოდა, მისი არსება არც ერთი წუთით არ დაუტოვებია. მართალია, მასებთან იგი ვეღარ მივიდოდა, თუმცა ვიყავით ჩვენ, მისი ახალგაზრდა მეგობრები, ამ თითქმის საზოგადოების მიღმა დარჩენილ მეამბოხესთან ალბათ ჩვენი ჭაბუკი გონების უკმარისობასაც რომ მივყავდით,–მენიშნა, როცა გვესაუბრებოდა, თითქოს საკუთარი პასივისა და აქტივის ანგარიშს აწარმოებდა. ახლა, ეს ჩვენი, თითქმის მის განკარგულებაში მყოფი იდეით დაურაზმავი გონება, ერთადერთი კაპიტალივით დარჩენოდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, ეს სიმდიდრე რაც შეიძლება მარჯვედ მოეტრიალებინა.ახლა მიახლოვებული იქნებოდა გია ჭანტურია ასაკს, რამდენისაც გახლდათ ქალბატონი ელისაბედი მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეღერებულმა, ათიოდ წლის გიამ, (ისინი ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ) ტელევიზიით ნახა რუსული ფილმი, რომელიც ბოლშევიკებისა და ესერების ბრძოლას ასახავს. დასრულდა რა ჩვენება ჩაირბინა თავის უფროსს მეგობართან და ჰკითხა: „тетя лизико! тетя лизико! вы болшевик или ессер?!“ ორიოდ წლის შემდეგ კი, ერთ–ერთ სასკოლო წერისას სავალდებულო, მითითებულ თემის სანაცვლოდ იგი „დამოუკიდებელ საქართველოს კონსტიტუციას“ დაწერს და ეს მისი პირველი დეკლარაცია იქნება უფროს მეგობრის ცხოვრების გამეორების, მის მიერ განუხორციელებლის და მიუწვდომლის განხორციელების და წვდომის, მისი გზით სვლის, მისებურ არსებობის ძირითად მიზნად დასახვის დეკლარაცია.აკი მერამდენედ ვამბობ! ბევრი მიბაძავს ცოცხალს ან უკვე ნეტარხსენებულს თუმცა არასოდეს არ მთავრდება ეს კარგად, არასოდეს!მე ახლაც არ ვიცი, რაა სოციალდემოკრატია?! ადამიანის ბედნიერების, აზროვნების და მოქმედების ჰარმონიის გარანტია თუ მოვლენა, რომელმაც ქალბატონ ლიზიკოსაებრ ცხოვრების გჰზის დასაწყისში იმედი ბევრს გაუცრუა და სინამდვილის ტრაგიკულ შეცნობის ჟამი გაუნაადრევა. არ ვიცი. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ვმეგობრობდი ადამიანთან, რომლისგანაც ძლიერი, მგზნებარე შეურიგენლობის უნარი გადმომეცა. მისგან ვისწავლე თავშეკავებულ პასუხის ძალა. მასთან ურთიერთობა ჩემი სიყრმის ილუზიემი უგვან ფიქრთაგან განსაწმენდელი საყდარი იყო, საიდანაც გამოსულს უკეთილშობილესი მიზნები მამოძრავებდა.არის ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელიც მას არამხოლოდ წიგნიერ და ყოველმხრივ განათლებულ ადამიანად საჩინოჰყოფს, არამედ მოგვითხრობს, რომ ჰქონდა ამ ქალს რაღაცნაირი შინაგანი რეგულატორი (იმპერატივი)–დიახ! უცილობელი ზნეობრივი ბრძანება რომელიც გონებას მუდამ თან ახლავს, და ამ დეტალით მისი მონოლითური ბუნება ვლინდებოდა.მწერალთა კავშირში ერთი ორომტრიალი იდგა. ცნობილმა კინორეჟისორმა ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას, დენეზა ზუმბაძის თხზულება კინოსცენარად გადააკეთა და ფილმი გადაიღო. თავიც სცენარის ავტორად გამოაცხადა. ნაწერი ერთიანად შეეცვალა, თითქმის დაესახიჩრებინა. სტუდენტი გოგონა კინორეჟისორის ოპონენტი გახლდათ, თავს იცავდა. მაჩაბლის ქუჩაზე შეკრებილიყო მთელი თბილისის ელიტა და ყველა იმ გოგოს ებრძოდა. მათ შორის – ელისაბედიც. გამოსასვლელი სიტყვაც მზად ჰქონდა მაგრამ არ იცოდა ვის უპირისპირდებოდა. შესვენებაზე ერთ ნაცნობს სთხოვა შორიდან ეჩვენებინა მისთვის იგი, ვისაც ახლა მოთხრას უპირებდა. ხოლო როცა დაანახვა ნაცნობმა პატარა გოგონა, პირველ ყოვლისა, რაც მოახერხა, საკუთარ თავს უბრძანა:–„ლიზიკო შესდექ!“მოხსენება რაღა თქმა უნდა აღარ წაიკითხა, ნაწერი შინ გაუგზავნა და საქმეც ამით მოათავა.ის სტუდენტი გოგონა კრიტიკულ წერილში ამოკითხულმა ერთმა ფრაზამ ისე შეაკივლა–თავიდან თმისსამაგრი ჩამოუვარდა: „მე ამ ქალის ნააზრევში ფრანჩისკო ასიზელის ჩიფჩიფი მესმის!“ოლიზიკომ შენიშნა ის,– რაც ვერ დაინახა ოპონენტთა მთელმა ლაშქარმა.ფრაზა საკმარისი აღმოჩნდა რომ ეს უცნობი მოხუცი მისთვის სიყვარულის და პატივისცემის ობიექტად ქცეულიყო.მას შემდეგ დენეზამ თუკი რამ გამოაქვეყნა, პირველ, სასიგნალო ეგზემპლიარს სწორედ ლიზა ბაბოს უგზავნიდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დრით ადრე დენეზას ტელეფონის ნომერი ამაკრეფინა, ჩემი თანდასწრებით ესაუბრა და სთხოვა – სტუმრებოდა. არა! მასთან გასაუბრების სურვილი რწმენასთან დაზავებას როდი ნიშნავდა. იმ დღეებში „სტუდენტმა გოგონამ“ სტუმრობა ვერ მოახერხა, მე შევუარე და სასიკვდილო წუთს შევესწარი. გმინავდა ლიზა ბაბო. მხარზე ხელი შევახე. შემომხედა, თითქოს სიკვდილშიც ლოგიკას ეძებდა. კვლავ გმინვას მინებდა. სიცოცხლემ უკან დაიხია!გასვენებაში მე და დენეზა ზუმბაძე ერთად წავედით. წიგნი „არეოპაგიტული ძიებანი“ “სტუდენტმა გოგონამ“ მის ოჯახს უსახსოვრა. ლიზა ბაბოს სასახლეს ფერხთით მარცხენა ხელით დაეყრდნო და დაიჩოქა, შუბლი კუბოს ფიცარს შეახო. მედიტაციურმა გარინდებამ წუთზე მეტხანს გასტანა. მერე ბროწეულის ყვავილის თაიგულს, ფერხთით რომ დაუწყო, ერთი კოკორი ასწყვიტა, იქვე ოთახში განაპირდა, ცოტა ხანში ის ყვავილიც სასახლეში ჩააბრუნა. ფილოსოფოსი ფილოსოფოსს გამოეთხოვა!ეს იყო გამოსალმების უჩვეულო სცენა, რომლის მსგავსიც არსად მინახავს.ვიდრე გავასვენებდით რამდენიმე წუთით ადრე ოთახში გია ჭანტურია შემოვიდა..მიცვალებული უკანასკნელ გზაზე მას არ გაუცილებია–არ ეცალა! იგი ახლა პარტიაზე ფიქრობდა და გამოსვლებისთვის ემზადებოდა. უკანასკნელი ადამიანური ვალი მოიხადა, ყველას დაგვემშვიდობა და წავიდა...მის კუბოსთან მდგარი ვსჯიდი, ფიქრის საცეცი იმ ამბივალენტურ გზაჯვარედინს ეხაფაციცებოდა, სადაც რაღაც დიდმნიშვნელოვანი დამთავრებულიყო და ემზადებნოდა ახალი მოვლენის კუთვნილება გამხდარიყო.ვიდექ კუბოსთან და მახსენდებოდა ერთი ლირიკული გადახვევა თამაზ ტყემალაძის წერილიდან თავის მასწავლებელ გრიგოლ კიკნაძეზე: „მივხვდი თუ რა ცოტა ხნით მოსულიყო მოძღვარი ჩვენთან“.ჭეშმარიტად, მოძღვარი ცოტა ხნით მოდის!ამ რამდენიმე ხნის წინ, ადრიან საღამოს, ვიდრე ამ ნარკვევს დავწერდი, ისე როგორც 15 წლის უკან, კვლავ მივედი მის ფანჯარასთან. ერთხანს გავირინდე, მოგონებით გული ვიჯერე, თითქოს კალმის დასველებამდე ლოცვა–კურთხევა ვთხოვე სანახებს, რომელთაც ჩემი ქოჩორბიჭობის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დავუკავშირე, ხოლო როდესაც წამოსვლას ვაპირებდი, მომესმა ყრუდ და შორიდან ლიტონად წყენანაზავი ხმა: „სადა ხარ, საძაგელო!“სენეკა მოგვითხრობს: „ყოველთვის, როცა ჰერაკლიტე სახლიდან გამოვიდოდა და თავის გარშემო ხედავდა უამრავ გაჭირვებულ და ბეჩავ ხალხს, იგი სიბრალულისაგან ტიროდა...დემოკრიტე კი პირიქით–იღიმებოდაო“და შენც! ჰერაკლიტეს ცრემლის წვეთით ღაწვშემკობილო ჩვენო მოხუცო დობილო, აბდერელი ფილოსოფოსი გიღიმის!

Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне