ნარკვევები; ლექსები; თარგმანები; გამოკვლევები; კურიოზები...

четверг, 18 июня 2009 г.

ჯანსაღი ავადმყოფი

ჯუმბერ ტიკარაძის გახსენება


„მთვრალმა იუწმაწურე მაგრამ უწმაწურ
მოთხრობებს მაინც შეეშვიო!
– რა ვიცი მეთქი...
ეჰ, ჭკუით დატენილი კაცი მგონიხარ,
მწერლობის მოწადინე, შენ კი–ო!...
– რა ვიცი მეთი...“


ძვირად გვახსენდებოდა მისი ნათლისახელი. რა არ შვარქვით: ჯოყოლა, გალექებული, აბორბოცებულ–აქერქეტებული. ასე ვესაყვარლ–ველაციცებოდით ჯუმბერს.
თანამედროვე მწერლობას ორი უმჯობესი გაუზარმაცდაო (შემომჩივლა პოეტმა). გიორგი (იურა) ბაქანიძემ კალამს ანკესი აუმჯობესა, ჯუმბერ ტიკარაძემ არყით სავსე ჭიქაო.
მაგან ბიჭო მწყერი გაალოთა, მერე ფრინველი ნომადი ბართაიას გოგოებს გადაულოცა, იმათ არაყი არ დაალევინეს და მწყერმა შენი ჭირი წაიღოო.
ხვრეპდა ორნახადს და აყოლებდა მწნილს. მწარე წყალი დილის ლოცვასავით სიამოვნებდა. იქნებ ასეთ დრიოს უმჯობესად მუშაობდა მისი ტვინის ნეირონები და ეშლებოდა წერის საღერღელი. ინტელექტუალური დაუდევრობა გახლდათ მაგრამ თავს გეფიცებით, შეძლო, მორალური სიტყვა ეთქვა და საწუთროდან გადასახლებულიყო.
ძალუმ აზროვნებითა და ტექნიკით კაფკას და ბოკაჩოს ეტოლებოდა. არა! მათი შეგირდი როდი გახლდათ, ამყოლ–მიმდევარი. ეს თავის უბნისას გვაუწყებდა, ახლო–მახლო ქუჩებისას, რაც კარგად იცოდა და რიგიანად დაამახსოვრდა. აბდაუბდების და უწმაწურობების სახით თიკარაძემ ქართული დეკამერონი შეთხზა.
2007 წლის 14 ნოემბერს მწერლის ქვრივმა ჯუმბერის არქივი შინ გამატანა. სწორედ იმ დღეს შესრულდა მათი ჯვრისწერიდან 46 წელი. ნარუდუნევი მთლად დაენაკუწ–გაენადგურებინა. თავსატეხ მოვალეობად სულაც არ მქცევია. ვუსადაგე ერთურთს, ვაერთ – ვაწეპე ნაფლეთები „თითების ფარჩხი“–თ.
მასალის აღდგენას სამ თვეზე მეტი შევალიე. განახლდა ბევრი კარგი ჩანახატი თუ ლექსი. გამონათქვამთაგან ერთი შემოქმედის ეპიტაფიად ივარგებდა:
„ესეც ასე, გავლილია გზანი ჩემი გასავლელი,
სად მეფური სუფრა იყო, თავი იქა ვტუცე,
არ დავაკელ გვამსა ჩემსა ტრაპეზი და ღვინო ძველი
ხოლო სული შემოქმედის ვააბდლე და ვატუტუცე!
თუ მელანი ცოტა ვღვარე, მომიტევებს ალბათ ღმერთი
წინ? წინ ჩემი სამარეა! სამოთხე და ჯოჯოხეთი!“
მისი გარეგნობა მწერლის შესახებ მოარულ წარმოდგენას ესადაგებოდა! ერთობ არაორდინალურ პიროვნებისათვის, სრულყოფილად ბუნებრივ და თავისუფლისათვის ყოველგვარ ხელოვნურისაგან, უცხო არ იყო შემოქმედისათვის დამახასიათებელი თავმომწონეობა და იმპერატივი. ბოჰემის მიღმა კი ყოველთვის იგრძნობოდა კალმოსნისთვის მკვეთრად ნიშნეული, მტანჯველი ყოფა.
კაცმა რომ იკითხოს, არის კი ანგარიშგასაწევი, ამოიფრქვევა თუ არა წარსული ისეთივე ხელუხლებელი. განახლდებიან თბილისის სურათები, ავლაბრული ამბები ტიკარაძეს რომ ზრდიდა, ასაზრდოებდა და შთააგონებდა. ახლა რეკლამებით აჭრელებულ მის „სოღდებილში“ ვდგავარ. სომხურ თეატრთან, იქვე ახლოს „კეთილი დუქანია“. აგერ პოლიციელი ვანო–ჯანო; ვინმ,ე კარლოსაც–ქაღალდში წეკოს ახვევს. გოგილოს აბანოდან უშიშროების სექსოტი „შაკრულო“ მოჩლახუნდა. სამიკიტნოში ცაწალიკ–წალიკდებიან. მალე გაჩნდება კასრის თავზე ჭაჭის არაყი, მწნილი, მწვანილი. გადაყლურჭავენ და „ვილკას“ შეექცევიან. თბილისის გენიაც ხომ ასეთ ვახშმობებში ვლინდება ხალას ბრწყინვალებით. მერე ლამპიონები მტკვარში თავის დახრჩობას დააპირებენ მაგრამ წარუმატებლად და იქნება სული მტირალა კლდიდან ნადენ ცრემლივით კამკამა.
კი, მნიშვნელოვანია! წარმოვიდგენ ამ ყოველივეს და ერთარსობაში ვლხვები. მთელი ქვეყანა უჩინარდება როცა გარინდება მოგეძალება. ამ წარმოსახვის ცხოველმყოფლობით ქრება აწმყოც...
„არა! ქუჩა არ ყოფილა ჩემთვის აკადემია! სტუდენტობას რა ვუწოდო?!–მხოლოდ ბრუჩუნი!“–ო.
მაინც როგორ ჩამოყალიბდა იგი მწერლად? ერთმა კალმოსანმა დამუხტა და შთააგონა. პროზაიკოსმა რომელიც ფილოსოფიისა და პოეზიის მიჯნასთან იდგა. სწორედ მისგან მიიღო შემოქმედისათვის საჭირო მუხტი: „აღიარება იმისა, რომ ჩვენმა ერთდროულმა ღრეობებმა, ზოგჯერ კი ლოცვასავით ფიქრიანმა სმამ მწერლად მაქცია მეთქი, ოტოს ააბუხუნ–ააროხროხებს, ჩემს პაჭკორიას დანახვა ჩემი გაეხარდება, იქ მისვლა კი ეტკინება–დამკრავს ბეჭებზე ხელს–რა დროს შენი სიკვდილი იყოო–შემომბღავლებს!“
ვიდრე გაუხურავთ საწუთროს კარი, სანამ დემიურგამდე მიაღწევენ და გაენდობიან, კაფე სამაიაში შევიხედოთ: აქეთ კუთხეში ჯუმბერ და ოტო სხედან, იქეთ ავთო ვარაზის სუფრაა. დაფიქრებული შესცქერის მთლად ლორთქო გოგოს–ფრესკას, რომელიც ჰა და ჰა იქცევა ქალად.
ხედავ იუზგარ!–ამბობს გალაღებული ოტია. ვარაზს აი ის თავისი ნახატი გაუცოცხლებია. ხომ გახსოვს, მოსკოვის ტალახში რომ აზილა ბრეჟნევის ბულდოზერმა?!
ვარაზი ამათ სუფრას უახლოვდება.
–შემიკლა ხელში! დამხატეო; მიყვარხარო... მაგას ავთო ვარაზი არ უყვარს! მხატვარს ეტრფის, მწერალი ნებავს, კომპოზიტორზეც იქნება ყაბულს. სულიერად გაკახპებულა. აი, აქ ყოფნა ეამაყება. ხელოვნებაზე შესაწირად გადაუდევს თავი. ქალაქის ჯეელ–ჯეელი ულაყობა კი ონანიზმმა დააქლიავა. მოისხას მადლი, მიხედოს იმათ!..
მოგაშორო?! იგიზგიზა ოტიამ. წამიც და ნერვიულ ნაბიჯით გაჰყავს უნატიფესი, ბრუნდება უმალ–ტაქსით გაუშვი.
იპოვის ულაყს?–გულს იჩვილებს პაჭკორია და სუფრასთან ჯდება.
მერე კი, მერე შუაღამეა. ქალაქში ხალხი კანტიკუნტობს. რესტორანშიც. ტიკარაძეს ჩირად არ უღირს ჭლექი–ჯოჯოხეთად რომ უქცია ყოველი ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა. პაჭკორიას ფეხებზე ჰკიდია გული–წკიპზე რომ ჩამოჰკონწიალებია. ვარაზი აპამპულ–ამაიმუნებს თავის დიაბეტს დღითი დღე რომ უკარგავს ფერების განსხვავების უნარს. ასე რომ სამი ჯანსაღი ავადმყოფი სულაც არ წვალობს. ერთმანეთისგან ბიჭობას სწავლობენ, სიკვდილს სწავლობენ; ეიმედებათ საიქიოშიც იცოცხლებენ.
თითოეული ნოველა რუდუნებითაა შექმნილი. მაინც როდის იცლიდა იგი რუდინისათვის?
ძალ–ღონეს არ ზოგავდა გუმანი გაეხედნა და გამოცდილება დაეგროვებინა. სხვაგვარად კალამს ხელს ვერ მოჰკიდებდა, შინაურთაც უნდა ებლიკვნათ მისთვის. სხვაფერ გრძნობას ვერ დაიგულვებდა. ამბავი რომ მომხდარიყო, დათო ერისთავი და ვილემ ალავიძეც უნდა ყოფილიყვნენ, ტიმირიაზევის სასწავლებლის საერთო საცხოვრებლის ოთახში რომ გამოჰკეტეს–რომანი დაწერე!–ო.
მწერალმა არ დაიცვა მისთვის მიჩნეული საზღვრები, გაიპარა გამთენიისას, მოიარა არტახების მიღმიერი მხარე გონებაგახსნილებს რომ მიჯნავს ჭკუათხელთაგან, სტანდარტულებს არასტანდარტულებისაგან. ტაქსმა მიტიშისკენ აოტა. ჯურღმულში ომისდროინდელ ბლინდაჟთან ლოთებს არაყი ეხვრიპათ. ამან დაპატიჟა. მებრუვეთ მოკვლა დაუპირეს. ბოთლი გატეხა, ნიკაპი გაისერა. საკუთარი სისხლი ლოკა და მწარე წყალი მიაყოლა. ბებუთებმა ბეტონის იატაკზე გაიწკრიალა. „თუკი შენივ სისხლთან ერთად არაყს დალევ–სხვასაც მოკლავ და თავსაც მოიკლავ!“–ო.
მან რეალურ სამყაროს მოჩვენებითობის საბურველი სხადა და პროტესტანტული იდეები იქადაგა:
უნდა დავაკვირდე რას სჩადიან თავის თავთან განმარტოებული ადამიანებიო...
უმეთვალყურა!
რამდენ წელიწადს ვუკირკიტე ვითომ პატიოსან ქალთა და კაცთა უწმაწურობებს, წერამ ამიტანა ბოლოს–ო...
წერამ აიტანა!
უწმაწურობანი მხოლოდ სქესობრივი როდია, სხვა რამეებშიც ვლინდება და იმ რაღაც–რაღაცეებსაც გავკრავ ხოლმე კლანჭსაო...
გაჭვანგა კიდეც და სამწერლობო მისიაც გაასრულა!
არა მხოლოდ სულგაცლილ, მოხვიხვინე ბრბოში არ ათქვეფილა, თვით ჩვენს, თანამოკალმეთა შორის მახსოვს მოწყენილ–მოთენთილი. ონავარ ყმ,აწვილივით დროდადრო შეკრთებოდა, თითქოს სული ეხუთებოდა–ამაღლებული, კერთილშობილური გრძნობები რაღაცამ თუ ვიღაცამ ჩაუხშოო, უეცრად გონებას მხსნელი აზრი უნათებდა. წუთიერ აღტკინებისთვის ხარკი ხომ უნდა გადაეხადა. ანცი, ქარაფშუტული აღფრთოვანება თავიდან ცოტა სასეიროდ გვეჩვენებოდა. სულიც ხომ ჰპოვებს სწორედ იმას, რაც ზუსტად იმ კრიტიკულ წუთში სჭირდება. შეიმართებოდა, პატარა ბიჭად გარდაისახებოდა, ამღვრეული თვალები უკამკამდებოდა და ფარად და აბჯრად ჩვენივ მეგობრისა და თანამეინახის ლექსს იშველებდა:
„სატრფო რომ თმებს ივარცხნიდა, დაბლა დაცვენილ თმოს ღერებს,
ჰკრეფდი თითების ფარჩხითა ვით სიმებსა და სიმღერებს,
პატიოსნებამ გაგხადა ხალათი ხოლო ერთგულებამ გაჩუქა ღალატი,
ახლა ვის ნაწნავს გრეხ...ეჰ! ეჰ! ეჰ!“
სტროფის წარმოთქმის დროს ოდნავ შიზოიდუს სულიერ წყობას ავლენდა. კვლავ ფიქრის მორევში ყურყუმალავდებოდა. ძილს ეძლეოდა?–ოცნებას! დაუწერელ თხზულებების სიუჟეტები ლაგდებოდა.
თითოეული ჩვენგანის თავგადასავლის მომყოლი სიტყვა, ჩვენივ საკუთარ სუილიდან ამომართული, გულს გვიჩუყებდა. ჩვენში მოსაწყენ, უსიამო, მტანჯველ შეგრძნებას იწვევდა, თანაგრძნობას აღგვიძრავდა.
სად იყო კაცის გულის გასახარელი სტრიქონები? ქადაგების მერე უსასოობა მოგიცავდა, მანდილოსნის მიმართ მადლიერი ლმობის გამომსახველი კი არა–სამდურავისა. მასში ვერ აღმოაჩენდი მხიარულ, სადღესასწაულო სულს. იქ სწორედ სასიყვარულო ვნებას არ უღიმოდა ბედი, გაცრუებულიყო იმადი, უცოდველობდა ეროტიკული აღტკინება, მორცხვი, კდემამოსილი და ნირწაშლილი.
მის სიახლოვეს მორთულ მოკაზმულ გასართობ ხარა–ხურას, ფუფუნების საგნებს, უსახურთა და თვალში საცემთ ვერაფერს ნახავდი. კედელზე ერთადერთი სამკაული–ირაკლი ფარჯიანის ქეთევან წამებულის სურათი ეკიდა. ეს იყო უბრალო მშვენიერება მისი სახლისა.
ნუცუბიძის ფერდობზე ცხოვრება განცალკევებისაკენ სწრაფვას შეესატყვისა ხოლო მე 16 ე სართული ცალფილტვა ტიკარაძეს „ყველა მწერალზე მაღლა ვცხოვრობ“–ო გულს უკეთებდა.
1995 წლის 31 დეკემბერს შინ მიმიწვია. კალანდას ერთად შევხვდით. მითხრა–იმხანად თავი ყოველთვის უბედურად მიაჩნდა. უკვე მორეოდა კაეშანი.
ჩემს წინ მაგიდასთან პირქუშ სახით პირტიტველა ჭაბუკი იჯდა. ბიჭური, მრეში ქოჩორი უსწორმასწოროდ ჩამოშლოდა კისერზე. სიბერეს მიტანებულ, გარიყულსა და ტანჯულ „მე“ს მიამიტ თვალებში საზეიმოდ მეოცნებე სხივი აღარ ჩასდგომოდა. სათუთად ეფერებოდა არყით სავსე ჭიქას. ნატიფ ხელიდან გონიერება გამოსჭვივოდა.
მითხრა: როცა 37 წლის შევსრულდი და საწერ მანქანას მივუჯექი, ისეთმა განცდამ მომიცვა–უკანასკნელად ვბეჭდავ–ო. მკითხა: შენ თუ იცი რა მანძილია სიბრძნესა და უწმაწურობებს შორისო. არ ჩავეძიე უფრო დაწვრილებით მოეთხრო, ნათქვამში რას გულისხმობდა...
მარტივი არაა იმ შავსვიანობის სახელდება და შეფასება რაც იმხანად გადაგვხდა მაგრამ იმ წლებამდეც დალხენილნი როდი მივედით?
ვისაუბრეთ ცხოვრების ფილოსოფიაზე, ოჯახურ ჰარმონიაზე, ჭირ–ვარამზე. ხალისიანად ვიმასლაათეთ, ერთმანეთსაც მივაპყაქრით ფიქრიანი მზერა, ვიყუჩეთ, ვიოცნებეთ და სრულ იდუმალების განუზომელ სიკეთეს ვეზიარეთ.
ურთიერთთანხმიერების მოწმენიც გავხდით. გამოვთქვით აზრები რომელნიც გვაკრთობენ მაგრამ რომელთა გარეშე სიმართლეს სიცოცხლე არ უწერია. მათი აღიარება ძალზე გვიმძიმს მოკვდავთ! რაა იმ მწერლობის ფასი, უზაკველს რომ ვერ შეეთამაშება?! ფიქრებს საყოველთაოდ დადგენილ ნორმებს ხომ ვერ მივუსადაგებდით. ერთი ღამით მაინც ხომ უნდა აღგვეგავა პირისაგან მიწისა სდაყოველთაოდ გავრცელებული, უკბილო, რაციონალური მოსაზრებანი?! ვაჩუქეთ ერთურთს ოცნება აშკარა უპირატესობით გამორჩეული! მოსაზრებანი–თავიანთი უტყუარი ანდამატი რომ გააჩნიათ! ალაგ–ალაგ გაიჟღერა კალამბურმაც: „არ ღირს დალევა არყის“ ან „შეიარაყდით ბიჭებო!“
გრძელი ღამე ფიქრებში გავათენეთ, მცირე ხნით თვალიც მოვატყუეთ.
რომ ჰკითხო ახლა გიგლა სარიშვილს, ვეება ხეიბარს, როგორ ფიქრობთ, რას გიპასუხებდათ მის მიერ სპეტაკად განვლილ ცხოვრების შესახებ?! კურცხალი წასკდებოდა! მონატრების? სიცოცხლესთან გამოთხოვების? არა!
წასულ ზაფხულს მკითხა ჭაბუა ამირეჯიბმა როგორ მოკვდა სარიშვილიო. ვუამბე მაგრამ საძნელო და ცრემლიანად საკითხავ–მოსათხრობი სწორედ ის ფურცლებია–დაფლეთილ არქივიდან რომ აღვადგინე:
„ვესტუმრე იმ დღეს ცალფილტვა კაცი გამოკეტილს თავის ბინაში, საპყარ–ხეიბარ გიგლა სარიშვილს. რას ვილოთ ვიბაზრ წავიბოჰემ წავიხარხარეთ, ცრემლიცა ვღვარეთ, იმ ცრემლისას გეტყვით მთლად მალე: ლექსი ვთქვით, პროზა, თარგმანები ახალ–ახალი. ჭაშნაგირი და მჭვრეტელ–მჩხრეკელი ჩვენი ქართულის (თუმც იქ არ გახლდათ) სუფრასთან იჯდა თამაზი ჩვენი, ჩვენი ჩხენკელი, გვიწონებდა ლექსს, პროზას, თარგმანს და ნება ნება წრუპავდა ღვინოს.
აგემოვნებდა შიპლიყრულად, პირს ისველებდა (არც ის გახლდათ იქ) კიკნაზე ზურაბ. მონატრების ცვიოოდა ცრემლი. სიკვდილ–სიცოცხლის წაშლილიყო ყველა სამანი. საიქიოდან შემოგვიერთდა ელდარ კერძევაძე, შარშანწინ რომ მიბარდა უფალს. ისიც გარეჯს მიირთმევდა და ქირქილებდა: „ცოცხლებს მკვდრები ჰგონიხართ და მკვდრებს ცოცხლები“–ო. რა ეთქვა ანდა რა ექნა მეტი კერძევაძეს წამომდგარს მკვდრეთით. სუფრა იყო და ჰოი რა სუფრა, ერთად ვხვრეპდით მკვდრები, ცოცხლები, ვღრეობდით ერთად, მონატრების ცვიოდა ცრემლი, სიკვდილ სიცოცხლის წაშლილიყო საზღვარ–სამანი.“
უკიდურესად ნატიფნი ვიყავით! თითოეულს სიტყვა გვასაზრდოვებდა, სემანტიკა, არტიკულაცია გვართობდა, ათენას თვალით გვათებნდებოდა და ჰერას (esp hera) შუქით გვისაღამოვდებოდა.
ვინ იმოგზაურა მეტაფიზიკურში? რომელმა მოიხელთა წამი საუფლო? ხელთ სხვა რეალობა–სასიკვდილოდ შემუსვრილი გული მრჩება და კიდევ სევდა მეტყველებასთან, კაზმულსიტყვაობასთან, აზროვნების უნართან გამოთხოვების ბალღამი.
დედა ენას ვერ შელეოდა სამარის პირად მისული ირაკლი აბაშიძე. რიტორიკას ემშვიდობებოდა ჩვენი მეგობარიც, არა მხოლოდ იგი, ყველა (რამდენი გამოვიგლოვ–გამოვიპარაკლისეთ) მათ არ ეთმობოდათ თავ–თავიანთი ლინგვისტური დაუმორჩილებლობა.
ჩვენ–ჩვენ სულიერ მეს სწორედ ენასთან მივყავდით. ის იყო ჩვენი მარტოობაცა და თავისუფლებაც. ცალკეობის შეგრძნებას მით ვახალისებდით ხოდა ყველასათვის ასე სანატრელი ყველგან მსუფევობა ვგონებ მოვიპოვეთ!
ეჰა ჯოყოლავ! გალექებულო! აბორბოცებულ-აქერქეტებულო! მარტის თვის მოქუფრულ და უღიმღამო დილას შენი საფლავისკენ წამოვედი. ფეხი ვითრიე, ეს სტრიქონები გზა და გზა ვალაგე. თავი მენტალურ დუმილისა და წმინდა მიმღეობისათვის ვამზადე. ცრემლიან დილას ჩემი ცრემლი შევუერთე.
პირველი ბწკალე რომ დაჰკრა მზემ საბურთალოს, მუედი შენს უკანასკნელ განსასვენებელთან, ხელამუთაით მივეყრდენი სამარის გალავანს, გავყუჩნდი, ვძგნარე ჟვეროი თუთუნი. ბოდიში მითხრობია თუკი ამ დილით შევაწუხე შენი სული ჩემი პერსონეთი, შენთანე არასოდეს ვყოფილვარ მორიდებული ზნის კაცი. მრავალთა შორის აქ შენ ხარ კაფანდარა სხარტო ბერიკაცო, შემოქმედებით ტანჯვით ილაჯგაწყვეტილო ჩუმო ბინადარო! აქ გაიხრწნა გული რომლითაც მაღალ თუმცა აუტანელ იდეალებს დაატარებდი. მაგ მკერდის ყაფაზში ვით ჩაიბუდებდა სიყალბე და ქვენა გრძნობანი. ალბათ უფალმა „რაინდების და მწერლების საკადრისი პატივით მიგიღო!“
ყოველთვის საინტერესო თითქოს მოსაწყენი არმოჩნდი მოხუცო! რამ ამომაგდო აქ? ეს ხომ უსასოობის ადგილია! ფიქრის შემეცნების ვექტორი მდინარე სკვირეთისკენ დაშვებულ მწვანე ფერდობებს შეეთამაშა ხოლო ეგზისტენციალს ოცნებისა ერთადერთის, მწერლის თვალხმიერების უნარის, შემოქმედის გულისხმიერების გარდაცვალება ებრალება და იძულებული გავხდი სულიერ დაძაბულობა–განაბულობისთვის ზღვარი დამედო.
დავდექი შენს უკანასკნელ განსასვენებელთან, ვაჯამე და ვახანგრძლივე წარსული, მიამიტ თვითდაკვირვებასაც მივეტიალე თუმცა ბორგნეულმა სისადავემ სძლია ფანტაზია.
რავა უწყალწმინდოდ გაგისტუმრეს საიქიოში. ქესტაობა ვინ გაკმარა?–ცალფიჟუა კაცმა ხაიერიც ვერ გამეიცვალე–ისტე გატყაბარდი. აფერი გიხიჭინებდა ჯიბეში და არც შენ აგცდა ხურხნა ცივი მჭადისა. სად გქონდა ფარას შოვნის ყაიდობა?! ჯობდა ძაან ყოფიერი ქალი გეთხუა–შენ ლურჯთვალა ია ითხუე. ხოლო როცა ქართულ ენის განმარტებითი ლექსიკონი გასაყიდად გაწირე, იმ ლურჯთვალა იამ გადაგირჩინა და სახლიდან ჯვრისწერის ბეჭედი გაიტანა მარა შენ ხო არ იყავი ქვერეი კაცი?.. მართალი უთხრობი იი პლატონიეს!
მოყეი ახლა შენებური სილაბანდურაიო! რავა მოთქვამ ცენტერაზის მოლოზონივით ყოლიფერიზა და ყოლიკაციზაო?! გველმა გიტიკა მაგ ენაზეო! რას პროტიალობ და პრუტუნებ ერთიო–მიჩივიენ აგენი მარა, პროტია ვითამე?! ღურძაბაი ხალხის ბრალია ყოლისფერი, ქისიმში უნდა ჩავდიო მაგათ საქმეს თუმცა ახლა სხვა ფიქრი მებუღრავება!
ვის სურს არარად იქცეს? ჰოდა რადგან აზრი უფრო შორს ვერ მიდის, რასაც ახლა დავწერ, ვფიქრობ ადამიანურ ცხიოვრების გარდუვალ შედეგს ეწინააღმდეგება, ცოტას მაინც ვიცრუებ, თუმცა პატიოსან ბწკარედებს გავლარავ, ჩვენი ჩიჩახვცარიელი ოფოფებივით და როგორც პოეტი ბრძანებდა „სისხლზე უფრო უმწიკვლო მელნით“ უწყინარი იქნება ჩემი ტყვილი-მწუხარების კრიალოსანი, მინდება ურჯუკი სისადავე ფანტაზიას დავაძლევინო!
ჩემს ირგვლივ და ჩემში მიჯნა გაივლო, ბუნებასა და სულს შორის არსებული. აი ვიღებ გულუხვ საზრაურს გარინდებისა, მენთალურ დუმილისა. თითქოს კვლავ ვიგეშე შენი სუნთქვა. არა! სულაც არ შევუპყრივარ უსიამო მგრძნობიერებას და მეც ხომ სწორედ ასეთ მძაფრ ვნებასთან მეწადა ჭიდილი. ხოდა ჩემი სამშვინველის ყოველი კუთხე–კუნჭულით შევიცანი ჩემივ დაუოკებელ წარმოსახვის შედეგი. გვერდით ნდობით ამომიდგა შენი საფლავის გენია და მეც სიკვდილის მიმართ ყოველგვარ სიძულვილს საბოლოოდ გამოვუტანე წირვა.
ეხ მეგობარო! სული მაშინ როდი გაეყარა სხეულს როცა გარდაიცვალე, არამედ როცა ღირსეული მიზანი დაისახე–მწერლობა. ესაა ჩვენი უკვდავებაც!
სივრცეში სხვა არა გამოდის. 46 წლის ვარ თქვენი უმცროსი მეგობარი, ვაჩხაკუნებ რემინგტონს და ასე მგონია უკანასკნელად ვბეჭდავ მეთქი. იქნებ საკუთარ ბოლოს უახლოვდები, ვაღვარღვარებ თვალებს, დამიქამდა გიმნასტური და ქაღალდი.
მომბეზრდა ოჯო ტაბუცად პანტური ოროხმოროხ უსტმასტორ გზებზე. დავრჭობილვარ საყესავით სამანესთან და დგანა გონია სიკტილი სამზირში. საქმე იგია რომე ახლა მე ამაღებინა ოფოფებმა კალამი ხელში, მარა ყოლიფერი კაი დაგემართოთ აქ ისტე ცხავს ერთმანეთის გუუტანლობა, ისტე რომე, სიცხემ შემაწუხა ძალუანი. საირაოშიც ქოროთოი დგანა, იმფერი–მიიხარჩება კაცი. გელივით უღარღილებენ თვალებს ერთმანეთს, ნამეტანი დიდი ჭენჭეხოი აქვილარიენ გულებში. ვერა ძმებო! ვერც მე შევეწიაპე ხეს სიცოცხლისას! ვერა და ვერ მოვწიკვე ვოლი! მაი აფერი! მივაყენებ ყიყვეზე საქმეს და მუალ ელანძე. იმინუტში ყორნის ნიკარტად სუფრის კედეროსთან ჩამოგიჯდებით! ჩვენი მაწყევარი იქნას ცალკეთაი. აღვადგინოთ გურულების სუფრა, რიზა არ მოვირახათოთ ცხოვრებისგან დარეჯგვილებმა, ცეცხლი გევიღაღადუროთ, შემოვიდგათ ნათავაით სავსე ფიჩხაური. ერთად ვიქნებით მეც, შენც, სამყარ–ფეხუცაც, იი ყაშმიერი ტუტრუცანე, მაგრამ სამარიტელი და დასტურ პოეტი, გიდელის ღაღვილს რომ უგავდა ცხვირი, ვიბოგინებთ არხეინად ჩვენდა ყმაყოფილი. დაე ლურჯ სუფრას ერთი ლანდიც შეემატოს–აჩრდილი ჩემი თითების ფარჩხის!

Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне