ნარკვევები; ლექსები; თარგმანები; გამოკვლევები; კურიოზები...

четверг, 18 июня 2009 г.

წამების მრავალწერტილი

გიგლა სარიშვილის გახსენება
ავტომობილში ოთხნი ვისხედით: გიგლა სარიშვილი, ჯუმბერ ტიკარაძე, ელდარ კერძევაძე და მე. გზად ახლადგახსნილ პანთეონს ჩავუარეთ, იგი თავდაპირველად საზოგადო მოღვაწეთათვის იყო განკუთვნილი და პირველი ბინადარი (ვგონებ, იაკობ ტრიპოლსკი), კიდეც დაეკრძალათ. –ეს ნაძვნარი მე და ჩემმა კურსელებმა გავაშენეთ–თქვა ჯუმბერ ტიკარაძემ. –ჩვენც აქ მოგვიწევს?–ჩაეღიმა გიგლას. –გაიხსნა უკვე? შეიძლება...სიკვდილი? იხუმრა კერძევაძემ. ახლა იქ განისვენებენ. ნაძვნარში, რომელიც სტუდენტობის წლებში ერთმანეთს დაურგეს. ვიხსენებ გიგლას. კაცს, პოეტს, ფილოსოფოსს. მამამისმა, გრამიტონ სარიშვილმა, ომში წასვლის წინ ერთი საყვარელი ფირფიტის მოსმენა მოინდომა, მაგრამ ვერ მიაგნო და ალაგეზე წყევლით გადავიდა. წავიდა ფრონტზე და დაიკარგა. გიგლას ცხოვრება ხომ სატანჯველი იყო, თანაც რაღაცნაირი აუცილებელი სატანჯველი, რაც ალბათ მამის წყევლამაც განაპირობა. სიყმაწვილეში ლუკრეციუსის „საგანთა ბუნებისათვის“ წაიკითხა. შთაბეჭდილებამ მისი სამომავლო მოღვაწეობის სფერო განსაზღვრა. ბერძნულ–რომაულ ცივილიზაციებისადმი ინტერესი მთელი ცხოვრება არ განელებია. მეპატიოს ეს თამამი ვარაუდი, ჩემი აზრით გიგლა უბიწო, ხორციელვნებაგამოუცდელი კაცი იყო. ამასთან უაღრესად პატიოსანი ადამიანი გახლდათ. მენანება დასაკარგად და დავწერ, რაც მან(თუმც შეეძლო მიესაკუთრებინა) არ შეირჩინა. სოფლიდან თბილისის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად გამომგზავრებულს, შარაზე ერთი მოძველბიჭო თანასოფლელი, ჭლექით სნეული ახალგაზრდა აედევნა. ის ბიჭი მალევე გარდაცვლილა. სენი არ გადავდოო, გზის ერთ მხარეს მიმავალ გიგლას მეორე ნაპირიდან თავისი ლექსები წაუკითხა და ერთი სტრიქონი გულში ჩაიყოლა: „ამ უდაბნოში რამ გამახსენა ის ნაწვიმარი ლამარას თმები“. უნივერსიტეტში სწავლის დროს, სტუდქალაქიდან (სადაც ცხოვრობდა) შორს დაღამებია. ტაქსის ფული სად ექნებოდა. რამდენიმე საათი ფეხით უვლია. გვიანი შემოდგომა ყოფილა. შენობის მორიგე ქალი არ გაუღვიძებია და გათენებამდე ქუჩაჩი დარჩენილა. დილით, თურმე, მორიგემ შენობის კარი რომ გააღო და ზღურბლზე ჩამომჯდარი გიგლა დაინახა, გაულანძღავს: დამაცოდვილე, რატომ დამაცოდვილეო. უნივერსიტეტის წლებთანაა დაკავშირებული რამდენიმე ამბავი, რომელიც მკითხველს შოთა ჩანტლაძეს გაახსენებს. თურმე, ერთხელ, შოთას, გიგლას და ჯარჯი ფხოველს (ხომ არ იყო მეოთხეც?) ქეიფის საღერღელი აშლიათ, მაგრამ ფული ერთი ბოთლისთვის სამყოფი ჰქონიათ. მაღაზიაში შესულმა შოთა ჩანტლაძემ თანხა ნოქარს გაუწოდა რა – ასე მიმართა: ერთი ბოთლი ღვინოები მოგვეცით, ქალბატონოო. არიფანა ვერ სეზარხოშდა, ამიტომ გოგი კვირკველიასთან წასვლა გადაწყვიტეს, რომელიც იქვე, კეკელიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. გოგია (მეტსახელად ოჭკომალი) შეძლებული ოჯახისშვილი, კონსტანტინე გამსახურდიას ნათლული იყო და თუკი სახსარი მასაც არ აღმოაჩნდებოდა, დიდი ნათლია აფინანსებდა. ერთ ცნობილ მევიოლინე ქალზე უნუგეშოდ შეყვარებული ოჭკომალი მეგობართაგან პირველი გარდაიცვლება და მას ზუგდიდში შუშის კუბოთი ჩაასვენებენ საფლავში...შოთას და გიგლას ექსპრომტი შეუთხზავთ. იგი ალბათ აღარავის ახსოვს: „ოჭკომალთან მივიჩქარით, ოჭკომალთან მოგველიან, ოჭკომალის მაცივარი სამეგრელოს სოფელია, ოჭკომალი კაცია და ოჭკომალი ნობელია, ოჭკომალი ბალიშის ქვეშ ფულის ხელწამყოფელია, ლექსი ლექსსა მივათვალეთ, ოჭკომალთან მივალთ მალე!“ დამეთანხმებით, ხევსურეთში, მით უფრო პირიქითში, ბევრი როდია ნამყოფი. ხოლო გიგლა ალბათ ერთადერთია, ვინც ცალ ფეხზე პროთეზით, რომელიც საბჭოური წარმოშობის იყო და ტვირთი უფრო ეთქმოდა, კავკასიონის გადავლა მოიწადინა. ბარისახოელებს შეუთანხმდა, დილისკენ ვინმე ცხენიანს ემეგზურა მისთვის და ახიელში გადაეყვანა. სასტუმროში დაბინავდა. დაღამებამდე მასთან ოთახში თორმეტიოდ წლის ხევსური გოგო ფანდურით ხელში შევიდა, სასტუმრო ოთახის კუთხეში ჩამოჯდა და მის ჭრილობას უმღერა. ეს ლექსიც მაშინ დაიბადა: „ხევსურს ვუყვარვარ ლამაზსა, არც ქალად-ბარაქალასა, პატარა ხევსურ გოგოსა, მაგრამ-არც არაქალასა. ჭრილობებისთვის ვუყვარვარ, ამას არც თავად მალავსა, ტკივილებისთვის ვუყვარვარ, ანგელოზივით მფარავსა... და თვალზე მომდგარ ცრემლებსა მარგალიტივით მპარავსა.“ დილაადრიან ხევსურებს ცხენი მართლაც მიეყვანათ. ალბათ, არ აფიქრებინეს, დაეზარათ ან დაენანათო მაგრამ ელპიტე კურელა აგერ ახლა დაღუპულიყო და ამას ის ერთი სახიფათო გადასასვლელი ერთვოდა, რომელსაც თვით მკვიდრნიც ერიდებოდნენ. მოკლედ, ხევსურებმა გიგლა დაიყოლიეს და პირიქით ხევსურეთში მგზავრობა გადააფიქრებინეს. პირიქითი იყო ერთ – ერთი კუთხე საქართველოსი, რომლის უნახავიც წავიდა იგი ამ ქვეყნიდან. ოჯახურ სითბოსა და მყუდროებას ნატრულ გიგლას, – მისივ სიტყვებია, – ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ეძლეოდა. ესქილეს ტრაგედიები ავლაბარში ნაქირავებ ოთახში თარგმნა. სადგომში თურმე ისე ციოდა, ჩაიდანში წყალი იყინებოდა და ხელის თითებს იღლიებში ითბობდა. თარგმნის დროს მოჭრილი ფეხი შეუსივდა და დაუჩირქდა. ალოეს ერთი ფოთოლი სთხოვა დიასახლისს–მან უარი უთხრა. „მაგრამ როცა ჩემს ბინაში სიმარტოვეს შესცივდება... ჩემი ხორცის აბედით და ჩემივ ძვლების კვესით ვთბები... ჯაგლაგ სხეულს სამარემდე მისათრევად ვეზიდები...“ მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა, უნივერსიტეტის ულამაზესი გოგოები უყვარდა. მისი წიგნების თაროზე ჟურნალი იდო. გარეკანიდან დათოვლილ ნაძვის ძირში, ბულვარის სკამზე ჩამომჯდარი მომღერალი ჯილოლა ჩინკუეტე იღიმება. ეს ქალი მაკა ჯოხაძეს ახსენებდა. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწია. აბაზანაში წაიქცა და ხერხემალში გადატყდა. დახეიბრდა, ხელჯოხი ყავარჯნებით შეცვალა. დღეები გაერთფეროვნდნენ. ლექსების წერა გვიან დაიწყო. თარგმნა უმადური საქმეაო–ამბობდა. ყოველი დაწერილი ლექსის მერე მხატვრის სიხარულს განიცდიდა. „ყველა სიკეთე და ყველა ბოროტება– ვისგან რით დაიწყო ან ბოლოს რა ელის, მაინც იწყება და მაინც ბოლოვდება, როგორც უბოლოო ბოლერო რაველის...“ ვერსიფიკატორი არაა. ეს მისი ლექსებიდან ჩანს. ასეთი ალიტერაცია, ინსტრუმენტირება, ანუ ბგერათა კანონზომიერი შეწყობა, პოეზიაში იშვიათია, მაგრამ ამ იშვიათი რიტმულობის პარალელურად მოვლენის ასეთი თვალსაჩინო გამოხატვა, ვგონებ, უიშვიათესია. ყველაფერს ლექსავდა. პოეტმა ნაზი კილასონიამ რაღაც მწარე უთხრა და იმ დღიდან ნაზი კბილასობია შეარქვა. როგორც თვითონ ამბობდა, ბოლო წლებში თავი „სახლთმშენებლობაში გაჰყო“. თვალი სულ მუხათწყაროსკენ ეჭირა. ზამთარი სატანჯველად ექცა. „მე ვუცდი ამინდს, გამოდარებას, ხომალდის აფრებს ვუმზერ მუდარითო“ ისე როგორ უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, სამშობლოს ერთი ძირი ხე არ დაურგოო. ადამიანის ერთ–ერთ მოვალეობად ამას თვლიდა და ვიდრე საძირკველს ჩაყრიდა, ნერგები ავიტანეთ და ჩავრგეთ: ალვა, ფიჭვი, ნაძვი...მეზობლად აგარაკს ვინმე ბახვა იშენებდა. ამოისეირნა, ახალი მეზობელი მოიკითხა და ალვის ხე და სხვა უნაყოფო ხეები რომ დაინახა, გაშტერდა. აქ ბალი უნდა დარგო, მსხალი, ვაშლი, მწვადი შეწვა და იქეიფო, ეს რა არისო... რა იცოდა ბატონმა ბახვამ, რომ დასცლოდა, მეტად უცნაური კაცი დაუმეზობლდებოდა. ეს კელტი ქურუმი თავის ჭკუაზე გადაიყვანდა და ხესთან დაალაპარაკებდა, ხოლო ის რომ სცოდნოდა, მუხათწყაროდან გამოტრიალებულნი რას ვაკეთებდით, გიგლასკენ საერთოდ აღარ გაიხედავდა. თბილისისკენ მოქცეულთ გზად სოფელი თხინვალა უნდა გაგვევლო. სოფლის პატარა სასაფლაოსთან შეჩერება აიკვიატა. მოდი ნოდარ, სასაფლაოს სევდას დავეუფლოთო. ვჩერდებოდით და „ვეუფლებოდით“ „როგორ დაღლილა შენი წვალება, როგორ დაღლილა იმედის ფიქრი აღარად გიღირს გარდაცვალება და კოსმიური კუბოთი მიჰქრი. გულმხიარული უგნურ ბალღივით... თითქოს ამ ქვეყნად არაფერს ჰკარგავ... დაგირწევს კუბოს შენ ბალდახინი, ვით ქარი ობოლს გირწევდა აკვანს.“ მის სახლს ქალის კი არა, კაცის ხელიც აკლდა, მაგრამ გიგლა უაღრესად პეწენიკი ადამიანი გახლდათ. როცა ფულს ხელს ჰკიდებდა, ხელის თითებს ღვინით იბანდა. ეს ჩვევა ხანდახან მოსაბეზრებლადაც მეჩვენებოდა. წელიწადში ერთხელ გულიანიდან დედა და და ჩამოუდიოდა. ასეთ დღეებში პირობები ცოტათი უუმჯობესდებოდა. სახლი ლაგდებოდა. თეთრეულში იძინებდა, ხოლო მაგიდაზე იაფფასიან ღვინოსა და სამონადირეო ძეხვს შემწვარი წიწილა და ხაჭაპური ემატებოდა. იმ სულცხონებულს დედისა და დის სტუმრობა დიდად არ უხაროდა. ორი დღის მერე ბუზღუნს იწყებდა და აიძულებდა სოფლად გაბრუნებულიყვნენ. გიგლა სარიშვილმა, როგორც სტუდენტობის წლებში, ისე აქეთაც, ალბათ, ყველაზე მძაფრი ბოჰემით იცხოვრა, ვიდრე სხვა ლიტერატორმა თუ ლიტერატურაზე მიყურადებულმა მისმა ნაცნობ– მეგობრებმა. ყოველი დილა მისთვის დრის თერთმეტ საათზე იწყებოდა და გამთენიისას ღამდებოდა. თეთრი ღამეები, მუქი ჩაი და ბოწოწო სიგარეტი ჯანმრთელობას უნადგურებდა. „თენდება, შენ ისევ გინთია სანთელი. აზრები ნათრევი...თვალები–ნათევი. მიდი, რას ფიქრობ,–დაწექ, დაიძინე. შვილი არა გყავს?–ლეკვი ჩაიწვინე. ცხოვრების გვალვაში ცრემლები ჩაიწვიმე. ბედი არა გაქვს?–მწარედ ჩაიცინე!“ ჰელეოდორეს „ეთიოპიკა; ალკეოსის „საფო“; ლონგეს „დაფნისი და ქლოე;“ დემოსთენეს ფილიპიკები და სხვა წიგნები საჯარო ბიბლიოთეკიდან მისთვის ზაზა სიხარულიძეს გამოჰქონდა. მასვე მიჰქონდა ხელფასი უნივერსიტეტიდან, სადაც გიგლა ლაბორანტად მსახურობდა. დახეიბრების მერე სამსახურში ვეღარ დადიოდა. აკაკი ურუშაძე გიგლას ხელფასის ასაღებად მისულ ზაზას კი საყვედურობდა,–რა ვქნათო, მაგრამ თანხას მაინც უყოყმანოდ მიუთვლიდა ხოლმე. წერა არ უყვარდა. როგორც თვითონ ამბობდა, რაც აკეთა, თამაშ–თამაშ აკეთა, ძალიან ბევრი კი შეძლო. ცინიზმს ვერავის პატიობდა. ცინიზმს იგი ყველაზე მიუტევებელ ცოდვად თვლიდა. არ მახსოვს, მსის ბაგეს ინვექტივა დასცდენოდეს. მთელი ცხოვრება უნიჭობას და უხამსობას ებრძოპდა, ინტელექტუალური პლებსი მის კარს ვერ შეაღებდა. რომანტიკულ გადაჭარბებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ამ გულჩვილ კაცს თვალი ყოველთვის უცრემლიანდებოდა, როცა ტელევიზიაში ერთი საინფორმაციო გადაცემის „ქუდი“ გადიოდა, სადაც ასეთი კადრია: გაძვალტყავებულ და დაუძლურებულ ბავშვს მწერი ეხვევა და ღონე არა აქვს რომ მოიგერიოს. რელიგიისადმი საკუთარ აზრს და დამოკიდებულებას ქართული ხალხური ლექსით „წუთისოფელი“ გამოხატავდა. მისი გონება ჟრუანტელისმომგვრელ სიმაღლეზეც ბევრჯერ აწვდილა, ოთხმოციანი წლების დამდეგს ხალხი ეკლესიას მიაწყდა. მავანმა მოძღვარი გაიჩინა. უკვირდა. როგორ შეიძლება იყოს მოძრვარი და არ იყოს მეგობარი?! მეგობრობა ოფიციოზს და დისტანციას წაშლის. განა ეს რომელიმე მათგანის ღირსების შეგრძნებას გამორიცხავს? მოდი, გიქადაგო! აჯობებს–მოდი, ვითამაშოთ! საზოგადოება ყოველ დილით ამხედრებულ და საცოლის საძებნელად ველად გაჭრილ იმ უფლისწულს აგონებდა, რომელიც ვერ ამჩნევს პატარა, ფეხშიშველ გოგოს, ყოველდღე რომ ჩაუქროლებს და ცხენის ფლოქვთაგან ანაბუქ მტვერში ახვევს. ის პატარა, მოთხუპნული გოგუცანა მისი სიყვარულის მყარი სუბსტანციაა და შეამჩნევს და შეხვდება იმ კონკრეტულ არსებას მაშინ, როცა ამ შეხვედრის მოთხოვნილებას იგრძნობს. ასეთი იყო მისი რელიგიური და მოქალაქეობრივი მრწამსი. წლების მანზილზე ჩვენი ურთიერთობა ერთ უწყვეტ ნადიმს დაემსგავსა, სადაც ტრადიციულ ქართულ სუფრისთვის დამახასიათებელი საყველაწმინდო იშვიათად გვახსენდებოდა. პიერიის დანისლულ ველზე დაკრძალულ ევრიპიდეს სადღეგრძელოდან იმ მოცინარ ფილოსოფოსის სულთმობრძავობასთან ვიმუხლებდით, თესმაფორიების ხათრით სიცოცხლე სამი დღით რომ გაიხანგრძლივა; ესქილეს თმაგრძელ მიდიელებს ვიხსენებდით, იფიგენიას სხეულზე ცრემლთა გვალვაში ლამის ჩვენც გავწვიმებულიყავით; ციცერონის მოკვეთილ თავსა და ხელებს კათედრაზე დალაგებულთ ცხადლივ ვხედავდით; რუსეთის ყრუ სადგურ ასტაპოვოში ტოლსტოის ვჭირისუფლიბდით და თითქმის ყოველთვის ამ სტრიქონებით გვათენდებოდა; „ამ ბნელი ღამით ვიღაც კვნესის საქართველოში, ამ ბნელი რამით ვიღაცა კვნესის, ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადრეგრძელოში, სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენ ის“. და თუკი რელიგიას ადამიანში ღვთაებრივის მოსმენის უნარად განვმარტავთ, ჩვენც შეუღებელი კარის შეღებას ვლამობდით, მეძებრებივით ვყნოსავდით, ვუნაბულებდით. თითოეულ ჩვენგანს, როგორც შინ, ასევე სტუმრად მყოფს, აქვს ჩვეული ადგილი. ალაგი რომელსაც ინსტიქტით ვაგნებთ. თვით იმ ოჯახებშიც სასწაულებრივად ვიმახსოვრებთ, რომელი ჯალაბის კარი, აგერ, უკვე წლებია, რაც არ შეგვიღია. ესაა ადგილი, სადაც თავს ყველაზე უკვეთ ვიგრძნობთ. სადაც ვერავინ დაგვამარცხებს. სულცხონებულმა ჯერ მუხათწყარო აიკვიატა. მერე მომვლ;ელზე ფიქრი დაიწყო, რომელსაც მის ბინაში უნდა ეცხოვრა და ამისათვის ერთოთახიანი არ გამოადგებოდა. მწერალთა კავშირმა ოროთახიანი ბინა კი მისცა ნაძალადევში, მრავალსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე, მაგრამ მეხუთე სართულზე როგორ უნდა ეცხოვრა კაცს, რომელიც დაფორთხავდა. ამასთან მას არ შეეძლო, სიმწვანისათვის არ ეცქირა რაც მეხუთე სართულიდან არ მოუხერხდა. ახლა დოლიძეზე გადაბარგდა. მუხათწყაროში აგარაკი ვერ დაამთავრა, მომვლელის ფული სად ექნებოდა. გიგლა რომ პესიმისტი იყო, ისეთი პესიმისტი ქვეყნად ბევრი არ იქნება. მე მაშინ პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის საზღვრის არსებობაში დავეჭვდი. ბუდე აინგრა! ამ ფაქტმა არა მარტო მასზე, მის მეგობრებზეც ტრაგიკულად იმოქმედა. პირველი ელდარ კერზევაძე გარდაიცვალა. კვირეების მანძილზე, ყოველ გვიან ღამით, როგორც მას სჩვეოდა, მძინარს კარზე ფრთხილი კაკუნი ჩამესმოდა და კარს ვუღებდი სიცარიელეს. სოსო პაიჭაძე უკანასკნელად მეტრო დელისის ბაქანზე შემხვდა, იმ ხანად თედო ბექიშვილი ავადმყოფობდა და სოსოს მისი ამბავი ვკითხე: –საღადაა თედო! ახლა მე ვარო ავად. სტუდენტობისას დეზერტირის ბაზართან ვცხოვრობდი. იქ მივდივარ. მინდა იმ ადგილებს თვალი შევავლო, იქნებ კიდეც ჩავწვე და ვეღარ ავდგეო. პოეტმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას. მინდოდა ავდევნებოდი, მაგრამ რაღაც ძალამ ამიკერძალა და არც ვნანობ. ასეთ წუთებში მას ალბათ მარტო ყოფნა ერჩია. სოსოც მალე წავიდა. გიგლამ თავის მოკვლა დააპირა. ოთახში გაზი დააგროვა, ასანთი გაჰკრა. აფეთქებამ მხოლოდ ხელები დასწვა. დამწვარ და ძალაგამოცლილ ხელებს ვეღარ ხმარობდა. რამდენიმე დღის მერე ტუჩებით, როგორღაც სამართებელს დასწვდა. მაჯაზე ისვა, ძარღვი ვწერ გადაჭრა. პურის საყოიდლად გასული ჯუმბერ ტიკარაძე როცა შინ მიბრუნდა და სისხლში მოთხვრილი გიგლა დაინახა, სამართებელი კბილებიდან ძლივს წაართვა. სადისტები ხართ! სადისტები!–ეჩხუბებოდა ჯუმბერს. ის დღეები ჯუმბერი მის სასთუმალს არ მოშორებია. ეკითხებოდა: ელდარს გაუჭირდა სიკვდილი?! სოსოს გაუჭირდა სიკვდილი?! ისიც დაუბარა, სოსოსთან ახლოს დამასაფლავეთო. გმადლობ! ჯუმბერ! ეს იყო უკანასკნელი სიტყვები. ვინც გიგლა სარიშვილის ლექსები წაიკითხა, შენიშნავდა, რომ მრავალწერტილს იგი ხშირად ხმარობს. მრავალწერტილს სვამენ იქ, სადაც სიტყვის, თუ წინადადების წარმოთქმა შეწყვეტილ– დაყოვნებულია, იქ, სადაც ერთი საგნიდან მეორეზე მოულოდნელად, უეცრად გადადიან. მრავალწერტილი მთქმელის უარყოფით თუ დადებით ემოციას, მძიმე სულიერ მდგომარეობასაც გამოხატავს, არასრული ციტირების დროს და კიდევ მაშინ, როცა სათქმელი დაუმთავრებელია. მას თითქოს იმის თქმა უნდა, რომ იცოდა ცოტა მეტი, ვიდრე ჩვენ გვიმხედლდა. სათქმელს ბოლომდე არ გვეუბნებოდა, როგორც ერთი დელფოსელი რმერთი, რომელიც არას მალავს, არას იტყვის, არამედ მხოლოდ მიანიშნებს. მრავალწერტილით დავასრულებ მის გახსენებას და კიდევ გოგოლის ირონიანაზავი სევდით, რადგან ხშირად იტყოდა და აუხდა კიდეც, იგი და მისი მეგობრები, თითქმის ყველა მშობელმა დაიტირა: სადა ხარ ამ დროს დედაჩემო. რატომ არ ჩაიკრავ შენს შვილს გულში და არ წაიყვან შორს...შორს...

1 комментарий:

  1. ბატონო ნოდარ, ალაბათ, იმ რამდენიმე ადამიანს შორის, ვისაც გიგლა სარიშვილი ხშირად ახსენდება, მეც ვარ.
    გაიხარეთ.

    ОтветитьУдалить

Постоянные читатели

Обо мне